ელისო ჩაფიძე: „ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე უამრავი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა“

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყებას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგდილე ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა.
„პირველადი ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა იმის აუცილებლობა, რომ პირველივე ეტაპზე აუცილებლად დაკმაყოფილებულიყო ის მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებიდან მოდიოდა. ჯანმრთელობა ისეთი თემაა, რომელიც არ იცდის და როდესაც ადამიანს უჭირს, სახელმწიფომ უნდა გამოძებნოს მყისიერად სახსრები, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანებისათვის, რომ ისინი გადარჩნენ.
დღეს უკვე ისეთ სტადიაზე ვართ, როცა გადაუდებელი საკითხები არის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ასი პროცენტით მოგვარებულია, ეს შეუძლებელია. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ პრევენციაზე, პროფილაქტიკური სამუშაოების გატარებაზე მოსახლეობაში. უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ პირველად ჯანდაცვაზე. ადამიანების ჯანრთელობა კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, რომ ბოლო სტადიაზე არ მოხდეს დაავადების თუ პრობლემის აღმოჩენა. მე ვთვლი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა არის საკმაოდ წარმატებული. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ჯანდაცვის სამინისტროს, მაქსიმალური პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ საქმიანობაში“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, რეფორმის მიმდინარეობისას აუცილებელია მოსახლეობის დიფერენცირება. „პირველ რიგში, სისტემა უნდა დაიხვეწოს. უნდა გაჩნდეს დიფერენცირებული მიდგომა, გაიმიჯნოს გადახდისუნარიანი და გადახდისუუნარო მოსახლეობა. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, მიხედოს ყველა ადამიანის ჯანმრთელობას. მაღალშემოსავლიანი ფენა საქართველოში მცირეა, თუმცა მათ მაინც უნდა შეძლონ, რომ თავად დააზღვიან საკუთარი ჯანმრთელობა და თავად გადაიხადონ თანხა მკურნალობაში. ხოლო ისეთ ადამიანებს, რომელთა შემოსავალი მიზერულია, აუცილებლად დასჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე“, – ამბობს ელისო ჩაფიძე.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყების თაობაზე რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები