ჯანდაცვის მინისტრი სექტემბრისთვის მედიკამენტებზე ფასების დაწევას აანონსებს

200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა არანკლებ 50%-ით მოხდება -ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში მოხდება.
“ასევე მომავალი წლისთვის უნდა შევძლოთ, რომ 1000-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე მნიშვნელოვნად დავწიოთ ფასები. როგორ შევძლებთ ამას? ამისთვის ორი რამ არის საჭირო: თავიდან იყოს აცილებული ექიმების მიერ არასაჭირო, ბევრი წამლის გამოწერა.
ეს არის ხარისხის კონტროლისა და პირველადი ჯანდაცვის ნაწილი და მეორე მიმართულებაა, კონკურენციის გაზრდა. ბაზარზე უნდა შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ამის შემაკავებელი ჯერჯერობით ერთადერთი ფაქტორია: ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და შესაბამისი ლაბორატორია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის ამის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება და ეს ორი ინსტრუმენტი ამ შესაძლებლობას მოგვცემს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე დაახლოებით 15 ათასი დასახელების მედიკამენტია რეგისტრირებული, მათგან სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტები 1000-ზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები