გია ვოლსკი საოკუპაციო ზოლთან ბარნოვის ქმედებაზე კონკრეტულ ვერსიას ასაჯაროვებს
„პროვოკაციულია მოქმედებები, რომელიც ვინმე ბარნოვმა ჩაიდინა. ის პროვოკაციაც, რომელიც ან იგეგმება, ან უკვე განახორციელეს გარკვეულმა ჯგუფებმა, ვფიქრობ, მიმართულია იქით, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც რამდენიმე ჰექტარზე დარჩენილი აქვთ მოსავალი, არ ყოფილიყო მოგვარებული“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკის განცხადებით, ეს დაძაბულობის ესკალაციაა, რომელიც ვითარების დაძაბვის მიზნით ხორციელდება.
„ეს დაძაბულობის ესკალაცია ერთადერთი მიზნით არის, რომ ვითარება დაიძაბოს, მაგრამ ამას ჰქონდეს ზედაპირული სახე. ამით ყოველთვის მხოლოდ ერთი მხარე, რუსეთის ფედერაცია სარგებლობს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს ამ დაძაბულ რეჟიმში არსებობას ამჯობინებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების, საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ წარმომადგენლობებთან საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები არსებობს. დონალდ ტუსკის ჩამოსვლაც მნიშვნელოვანწილად ამ დაძაბულ ატმოსფეროს უკავშირდება. ეს დაპირისპირება მხოლოდ ქართულ – რუსული დაპირისპირება არ არის. ეს არის იმ მასშტაბური დაპირისპირების სეგმენტი, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს და სადაც, ძირითადად, ორი დაპირისპირებული ძალა გამოიკვეთა – დასავლეთი და რუსეთი. ჩვენ ეს ვითარება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ლოკალური მოვლენა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, ვოლსკის განცხადებით, უახლოეს ხანებში შესაძლოა, არდადეგებამდე ან საშემოდგომო სესიის პირველ დღეებშივე ჟენევის დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტს მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
„იქ არ არის ადვილი შენი პოზიციის გატანა. იქ სრულფასოვნად ჯერ ფორმატიც არ არის ჩამოყალიბებული, ვინაიდან ერთი მხარე ამტკიცებს, რომ აფხაზური და ოსური მხარეები სრულფასოვანი წარმომადგენლები არიან, რომ რუსეთი არ არის კონფლიქტის მონაწილე და ის ხელშემწყობ მხარედ განიხილება. მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ სწორედაც ქართულ – რუსული დაპირისპირებების გამო შეიქმნა ეს ჟენევის მოლაპარაკებები. ძალიან დიდი ნაწილია ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ არა გავქვს. თუ რამ განაპირობა და რა იყო წინაპირობა 2009 წელს იმისათვის, რომ სწორედ ჟენევის ფორმატი ყოფილიყო განხილვის ადგილი და არა გაეროს უშიშროების საბჭო. გაეროს უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა გაეროს მისია აფხაზეთში და, შესაბამისად, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეიქმნა პირობა, რომ ეს საკითხი მუდმივი მსჯელობის საგანი ყოფილიყო გაეროს უშიშროების საბჭოში. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს შეცდომა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.