სამხრეთ აფრიკის სანაპიროსთან ზვიგენი სერფერს თავს დაესხა (ვიდეო)
სამხრეთ აფრიკაში სერფერების შეჯიბრის დროს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს მიკ ფენინგს ზვიგენი თავს დაესხა. თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ფენინგი J-Bay Open-ის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. ზვიგენის შეტევის შემდეგ სპორტსმენი სერფინგის დაფიდან ჩამოვარდა. ეს კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მას შემდეგ, რაც სერფერი წყალში აღმოჩნდა, ის ზვიგენის მოგერიებას განაგრძობდა, რომელმაც მას რამდენჯერმე შეუტია. რამდენიმე წამში ადგილზე მაშველები მივიდნენ და მიკ ფენინგი წყლიდან ამოიყვანეს. ამ დროს წყალში ფენინგის მეტოქე ჯულიან უილსონიც იმყოფებოდა. ორივე სპორტსმენი ნაპირზე გაიყვანეს, ხოლო შეჯიბრის ჩატარება გადაიდო.
თავდასხმის შედეგად სპორტსმენს დაზიანება არ მიუღია. J-Bay Open-ის ტურნირის ორგანიზატორები ამბობენ, რომ შეჯიბრის დროს სერფერების სიახლოვეს ორი ზვიგენი დააფიქსირეს.