კახა მამულაშვილის პირველი კომენტარი: გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩავიდინე
“გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედების შედეგად ჩავიდინე“, – აღნიშნული განცხადება ბრალდებულმა კახა მამულაშვილმა დღევანდელ პროცესზე მაშინ გააკეთა, როცა ადვოკატი გირაოს სახით 10 000- ლარიან გირაოს ითხოვდა. “გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს დავემორჩილები”, – განაცხადა მამულაშვილმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
მისივე თქმით, მას კოკაინი უცხოეთში გაუსინჯავს, თუმცა ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო.
“მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა, დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს”, – განაცხადა კახა მამულაშვილმა.
ადვოკატი მამულაშვილისთვის აღკვეთის სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ. მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.