ჯონდი ბაღათურია უახლოეს დღეებში რუსეთში პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს
„ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი და გავარკვევ, ზუსტად როდის მივდივარ, შეხვედრების ფორმატსაც დავაზუსტებ. მე რუსეთში სექტემბერში მინდოდა წასვლა, მაგრამ იქიდან დაჩქარდა ჩემი მოსკოვში ჩასვლა. პოლიტიკურ ლიდერებს და საზოგადოების წამომადგენლებს შევხვდებით. მთავარი თემა იქნება ის, რომ რუსეთ – საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების გასაღები ვიპოვოთ“, – აღნიშნული განცხადება „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბაღათურიას განცხადებით, ქართველი და რუსი ხალხი ერთმანეთს მტრად არ აღიქვამს. მისი თქმით, დღეს ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, რამაც სამხედრო დაპირისპირება გამოიწვია.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთთან თავსებადი გავხადოთ. ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ უნდა ჩავდიოდეთ და ველაპარაკებოდეთ რუსეთს, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებია. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დამოკიდებულია რუსეთზე. ჩვენ ხომ ეს ვიცით“,- აღნიშნა ბაღათურიამ.