საბერძნეთში სამკვირიანი პაუზის შემდეგ ბანკებმა მუშაობა განაახლეს
სამკვირიანი „საბანკო არდადეგების“ შემდეგ საბერძნეთში კვლავ გაიხსნა ბანკები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. თვითმხილველებზე დაყრდნობით სააგენტო იუწყება, რომ სხვადასხვა ბანკის ფილიალებთან დიდი რიგებია.
ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, საბერძნეთის ხელისუფლება ადრე დაწესებულ შეზღუდვებს ჯერჯერობით არ აუქმებს. საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების გაკეთება კვლავ შეუძლებელია, ასევე მოქმედებს ნაღდი ფულის გამოტანის კვოტა – ბერძნებს კვირის განმავლობაში 420 ევროს განაღდება შეუძლიათ. კვლავ დახურულია სავალუტო ბირჟა.
ბანკების დახურვის გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ 29 ივნისს მიიღო. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ საბერძნეთის ფინანსური სისტემის დაცვის სურვილით ახსნა არასაკმარისი ლიკვიდურობის გამო, რაც ევროჯგუფის მიერ საბერძნეთისთვის ახალი დახმარების პროგრამაზე უარით იყო გამოწვეული.
გასულ კვირას საბერძნეთმა კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ათენი სამი წლის განმავლობაში 86 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას მიიღებს.