საგარეო უწყება სომეხი მესაზღვრეების მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე სომეხი მესაზღვრეების მიერ საზღვრის გადმოწევის მცდელობის ფაქტს უარყოფს.

როგორც კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველო-სომხეთის საზღვართან რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, არსებობს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, რომელიც მუშაობს. საქართველო-სომხეთის საზღვრის აღმნიშვნელ მონაკვეთზე კი დელიმიტაცია უნდა მომხდარიყო.

მისი თქმით, საზღვრის აღნიშნული მონაკვეთის გარკვეული ნაწილი უკვე დელიმიტირებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენც გიდასტურებთ, რომ 10 ჰექტრით საზღვრის გადმოწევა არ ყოფილა. როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა, მაშინ ეს საზღვარი არც დელიმიტირებული და არც დემარკირებული არ ყოფილა. იქ უბრალოდ საბჭოთა კავშირის ფარგლებში ადმინისტრაციული საზღვარი არსებობდა. დღეს საზღვრის აღნიშნული მონაკვეთი საქართველო-სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრად განიხილება. ახლა უკვე, მას შემდეგ, რაც საზღვარი დელიმიტიზებულია, იქ სომეხი მესაზღვრეები დადგნენ. ანუ მესაზღვრეს დღეს თავისი მოვალეობის გამო, რა თქმა უნდა, აქვს უფლება იქ არავინ შეუშვას, ამიტომ, იმ გაგებით, რომ მე 10 მეტრით უფრო ღრმად გავდიოდი და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შეიქმნა ის ილუზია, თითქოს რაღაც მიწები წაგვართვეს“, – განმარტა სამინისტროს სპიკერმა. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ არანაირი საზღვრის გადმოწევის მცდელობა არ ყოფილა“, – აღნიშნა დავით კერესელიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სომეხმა მესაზღვრეებმა საქართველო-სომხეთის საზღვარი რამდენიმე მეტრით გადმოსწიეს და 10 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მიითვისეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები