თენგიზ კიტოვანი: გამსახურდიას მკვლელობით დაინტერესებული ედუარდ შევარდნაძე იყო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას რუსული გამოშვების მაყუჩიანი სტეჩკინით კატეგორიულად გამორიცხავს.
როგორც გადაცემა „რეაქციაში“ ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, მაყუჩიანი „სტეჩკინი“ იმხელაა, რომ გამსახურდია თვითმკვლელობას ვერ განახორციელებდა. კიტოვანი ასევე ეჭვქვეშ აყენებს გარემოებას, რომლის მიხედვითაც გამსახურდიას ფეხებშუა იარაღი აღმოჩნდა.
„დაუშვათ ისროლა გამსახურდიამ, მერე იარაღი როგორ აღმოჩნდა მის ფეხებშუა მწოლიარე კაცთან. იარაღი უნდა დავარდნილიყო ძირს. ეს ვერ გათვალა მკვლელმა და ჩაუდეს იარაღი ფეხებშუა“, – აღნიშნა კიტოვანმა.
მისივე განცხადებით, დაინტერესებულმა პირებმა გამსახურდიას მკვლელობისთვის თანხა გადაიხადეს. კიტოვანს მიაჩნია, რომ გამსახურდიას მკვლელობით დაინტერესებული პირები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი და შოთა კვირაია იყვნენ.
„გამსახურდიას მხოლოდ ფულის გულისთვის მოკლავდნენ. გამსახურდია ორი ტყვიით არის მოკლული. ეს არის როსტოველი ექსპერტის დასკვნა, რომელმაც თქვა, რომ ერთი ტყვია კისერშია გავლილი და მეორე საფეთქელთან. მე რომ ამ ყველაფერს ვწერდი, მაშინ ყველა ის ადამიანი ცოცხალი იყო. ამ საქმეში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ავთანდილ მარგიანი ყველაზე უმცირესი კაცი იყო, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხებოდა. მარგიანს შეიძლება რაღაც დაავალეს. მთავარია, ვინ გასცა ბრძანება გამსახურდიას მოკვლის, თქვენ ამას რატომ არ იძიებთ“, – აღნიშნა კიტოვანმა. სტუდიაში მყოფმა მარგიანმა კიტოვანის საპასუხოდ კი აღნიშნა: „რას იმალება, ჩამოვიდეს და გავხსნათ ეს საქმე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები