სასამართლო კახა მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე ხვალ იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლის კახა მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე ხვალ იმსჯელებს. ამის შესახებ „კვირას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, პროცესი 13:00 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იხილავს.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მამულაშვილისთვის ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი დააკავა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).