თბილისის საკრებულო თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის სამდივნოს სპეციალისტის აკაკი კარტოზიას დაკავების ფაქტს განცხადებით ეხმაურება. მათი ინფორმაციით, კარტოზია სამსახურეობრივ მოვალეობებს ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა და საკრებულოში მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა არ მიუღია.
როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აკაკი კარტოზიამ მიმდინარე წლის მაისში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო გამოცდაში. მან ვერ გადალახა ბარიერი, რის გამოც, კანონის თანახმად, 14 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან უნდა განთავისუფლდეს.
„კარტოზიას დადებითი დახასიათების მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მისი ბრალი დადასტურდება და იგი დამნაშავედ იქნება აღიარებული, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება და მან კანონის წინაშე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.
ავღნიშნავთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაირი კავშირი არ აქვს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით აკაკი კარტოზია დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები