დევიდ ქემერონი: ბრიტანეთი აშშ-სთან ერთად აპირებს “ისლამური სახელმწიფოს” ხალიფატის განადგურებას
დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან ერთად აპირებს იმ “ხალიფატის” განადგურებას, რომელიც დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყსა და სირიაში შექმნა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა.
როგორც ქემერონმა ამერიკულ “ენ-ბი-სი”-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მას სურს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი უფრო მეტად იყოს ჩართული, მაგრამ ამისთვის ქვეყნის პარლამენტის მხარდაჭერაა აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ბრიტანეთის პარლამენტმა სირიის სამხედრო მოქმედებებში ქვეყნის მონაწილეობას მხარი არ დაუჭირა.