დღეს ფოთში აფხაზეთის დღეა – ვიდეო
XX საუკუნის, 40-იანი წლები… ხელისუფლება მიისწრაფის, ტოტალურ სიღატაკეში მყოფი საზოგადოება უპიროვნო, უვნებო, აზროვნების უნარგაძარცვულ, უნებისყოფო მასად, ნებისმიერი ბრძანების მორჩილ შემსრულებლად, უუფლებო და ადვილად სამართავ მარიონეტად გადააქციოს. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის, პიროვნებისა და ხელისუფლების მარადიული კონფლიქტი, არჩევანისა და პიროვნებად ფორმირების თემა – დღემდე ამ აქტუალური თემებით წარდგა მაყურებლის წინაშე სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“.
სპექტაკლი „ჯარისკაცი იყო ერთი…“ რეჟისორმა შალვა (ნუგზარ) ლორთქიფანიძემ ამერიკელი დრამატურგების – ალბერტ მალცისა და უილიამ საროიანის პიესების – „ჯარისკაცი იქსი“ და „ჰეი, ვინ ხართ მანდ?!“ დადგა. მხატვარი ჯეირან ფაჩუაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური გაფორმება სოფია გუბაიდულინას და მარინა სტირჩას ეკუთვნით. უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის მოზარდამყურებელთა თეატრის 25-წლიანი არსებობის მანძილზე, იგი პირველად წარდგა ფესტივალზე. სპექტაკლს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი.
რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე სოხუმის თეატრებს დაეთმო. სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს „თეთრი ტალღა“, 20:00 საათზე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი შეცვლის. ფოთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება დავით საყვარელიძის სპექტაკლი „ნავიგატორი“, რომელიც ლაშა ბუღაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.