ყირიმის ანექსიის ყველაზე საშინელი შედეგი
მწერალი და რუსული რადიოს „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი იულია ლატინინა წერილს აქვეყნებს, სადაც ის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ლატინინა ფიქრობს, რომ რევოლუციის შემდეგ უკრაინა შესუსტდა. ქვეყანაში სრული არეულობა და ქაოსი შეიქმნა, რა დროსაც რუსეთმა უკრაინას ყირიმი მოსტაცა. ლატინინა ყირიმსა და საქართველოს შორის პარალელს ავლებს. მისი თქმით, დღევანდელის ანალოგიურად რუსეთი საქართველოსთან ომის დროსაც მოიქცა და მსოფლიოს განსხვავებული რუკა შესთავაზა.
„ორიათასი წლის წინ, როდესაც ცინის დინასტია ჯერ კიდევ ვითარდებოდა, სუსტი ნებისყოფის ახალგაზრდა იმპერატორის კარზე ყველაფერს ერთი საჭურისი – ჩჟაო გაო მართავდა. ერთხელ მან გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ვინ იყო მისი მსახურებიდან ყველაზე ერთგული და ვინ მოღალატე. მან სასახლეში ირემი მოიყვანა და განაცხადა: – ,,ეს არის ცხენი“. ყველამ, ვინც არ დაეთანხმა ჩჟაოს – სიკვდილით დაისაჯა, ხოლო ვინც თქვა, რომ ირემი ცხენი იყო – ტესტი ერთგულებაზე კარგად ჩააბარა.
ყველაზე საშინელი ყირიმის დაპყრობის დღევანდელ ისტორიაში შიზოფრენიული რიტორიკაა -,,ირემი ეს არის ცხენი“. რატომ არ შეიძლება უბრალოდ ითქვას: რევოლუციის შემდეგ უკრაინა დასუსტდა. რევოლუცია ყოველთვის ქაოსია. რუსეთმა ისარგებლა ქაოსით და უკრაინას ყირიმი წაგლიჯა, რომელიც (თათრების დეპორტაციის ხარჯზე),უმეტესწილად, რუსებით არის დასახლებული და უკრაინის შემადგენლობაში 23 წლის წინ შევიდა.
რა საჭიროა იმის თქმა, რასაც პუტინი ამბობს პრესკონფერენციაზე, რომ ყირიმში ,,თავდაცვითი ძალები“ მოქმედებენ, ხოლო სამხედრო ფორმები მათ უახლოეს მაღაზიებში შეიძინეს? და ამ უაზრო კითხვის საპასუხოდ განაცხადო, რომ ,,ხალხი, რომელიც კიევში იმყოფებოდა“, კარგად მომზადებული იყო, რადგან მათ ,,დიდი ხნის განმავლობაში ინსტრუქტორები ამზადებდნენ“.
რა საჭიროა იმის თქმა, რომ ირემი არის ცხენი?
ოფიციალური რუსული პროპაგანდა უკვე გვთავაზობდა მშვიდობის ანალოგიურ სურათს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მაშინაც ყვებოდნენ სპეციალურად ნასწავლი ადამიანები ,,ორი ათასი დაღუპულის“ და საქართველოს მხრიდან გენოციდის შესახებ. დრო გავიდა და გაირკვა, რომ ორი ათასი გვამი არ არსებობს, სამაგიეროდ, ოსმა ,,ოპოლჩენცებმა“ საქართველოს ტერიტორიები გაანადგურეს. სამხრეთ ოსეთის მაშინდელი პრეზიდენტის სიტყვებია – ,,იქ ჩვენ ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ“. სიმართლე კი ის არის, რომ ,,ორი ათასი გვამი“- ეს გებელსის მეთოდი იყო. ეს იყო ძმებს შორის ეთნიკური წმენდის განხორციელება. ახლაც იგივე ხდება. ჩვენ სერიოზულად გვთავაზობენ ჩავთვალოთ, რომ უკრაინის რევოლუცია ფაშისტების მიერ სხვა ტერიტორიებზე მომზადებული გადატრიალებაა, და რომ რუსული ჯარი ყირიმში ,,თავდაცვითი ძალებია“.
პასუხი აშკარაა – ეს არ არის სიმართლე. ირემი არ არის ცხენი. უკრაინაში რევოლუცია მოხდა და არა ,,დასავლეთში მომზადებული ფაშისტების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება“. ბელგოროდის გუბერნატორების მიერ მოყოლილი ამბები ,,ას ორმოცი ათასი დევნილის შესახებაც“- იმ სერიიდან არის , სადაც ,,ორიათას გარდაცვლილ ოსზე“ ყვებოდნენ. რუსები ყირიმში არ დაუხოცავთ, არავითარი ფაშისტური ბანდები იქ არ ყოფილა და არავითარ ,,თავდაცვით ძალებს“ შენობები არ აუღიათ. ყირიმში შენობებს იქ დისლოცირებული რუსული ჯარი იღებდა.
რატომ ხდება ასე?
საქმე ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ირემს ირემს უწოდებს, საკუთარი თავისთვის არაფრის გამორჩენას არ ელის. და თუკი თქვენ ხალხის ჯგუფი გყავთ, რომელიც ამტკიცებს, რომ ირემი არის ცხენი – მაშინ ეს ჯგუფი მმართველი ფენა ხდება, რომლის მთელი ლეგიტიმურობა იმაზეა დაფუძნებული, რომ სხვებს აიძულებენ დარწმუნებას, რომ ირემი არის ცხენი. ეს მათთვის სასიცოცხლდ მნიშვნელოვანია. ის, ვისაც ასე არ მიაჩნია, მათი მტერი ხდება.
მნიშვნელოვანია შევიგნოთ, რომ ასეთ შემთხვევაში სიმართლე არაფერ შუაში არ არის. ეს იგივეა, რაც ჰოლოკოსტი. ანტისემიტები თქვენ გეტყვიან, რომ ებრაელები ქრისტიანი ახალშობილების სისხლს სვამდნენ, ხოლო ებრაელები ჰოლოკოსტის შესახებ მოგიყვებიან. ასე რომ, სიმართლე ასეთია – ახლშობილები არ ყოფილან, ჰოლოკოსტი კი იყო.
ასეთი სახის პროპაგანდას სიმართლესთან მიახლოება არ სჭირდება. როდესაც გაო ჩჟაო ირემზე ამბობდა, ცხენიაო, სულაც არ ცდილობდა ხალხის მოტყუებას. იგი არ ატეხდა ირემს რქებს და პირზე თაბაშირს არ ადებდა. მას უნდოდა გაერკვია, ვინ იყო მისი ერთგული. მას ხელისუფლების გამყარება სურდა.
როდესაც პუტინი ყირიმში მყოფ ჯარისკაცებზე ამბობს, ,,ეს თავდაცვის ძალებიაო“, ამით ვერავის მოატყუებს, არავინ იმასაც კი არ ცდილობს, სატვირთო მანქანებიდან, რომლითაც რუსები გადაადგილდებიან, რუსული ნომრები მოხსნას. მიუხედავად ამისა, რუსეთის ყველა ოფიციალური პირი ,,თავდაცვით ძალაზე“ საუბრობს, მას კი, ვისაც ეჭვი შეეპარება, თუნდაც ის ოფიციალური დიპლომატი იყოს, მაშინვე ,,სიტუაციის დაძაბვაში“ და ,,ფაშისტების ხელის შეწყობაში“ დაადანაშაულებენ.
და ეს ყირიმის ანექსიის ყველაზე საშინელი შედეგია. მე არ ვიცი, მოხვდება თუ არა ყირიმის შემდეგ რუსეთი სუსტი ნებისყოფის მქონე დასავლეთის სანქციების ქვეშ და რამდენად სერიოზულად მოეკიდება იგი ამ ამბავს, მაგრამ ვხედავ, რომ ყირიმის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში შინაგანად არათავისუფალი, პრინციპულად განსხვავებული დონე, მენტალური სივრცის კატასტროფული შთანთქმა, რეჟიმის მარიონეტად გადაქცევა გველოდება.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ირემი არის ცხენი და ყველა, ვინც ამას არ ეთანხმება – დასავლეთის დაქირავებულია.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ასეთი რეჟიმი? პასუხი საკმაოდ დიდხანს, იმიტომ რომ ,,ლუმპენიზებული“ უმრავლესობა (ეკონომიკურად გაღატაკებული და პოლიტიკური უფლებების არმქონე მოსახლეობა) ყოველთვის ამის მომხრე იქნება.
ეს კი ნიშნავს, რომ ირემი ცხენია. ეს ხომ გუშინ აჩვენეს ტელევიზორში.“