თურქმენეთმა „გაზპრომი“ გადახდისუუნაროდ გამოაცხადა
თურქმენეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსული კომპანია „გაზპრომი“ გადახდისუუნაროა. ამის მიზეზად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი სახელდება.
„2015 წლის დასაწყისიდან „გაზპრომი“ „თურქმენგაზს“ ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხებს არ უხდის“, – ნათქვამია თურქმენეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თურქმენგაზის“ დირექტორის მოადგილის ანადურდი მერეტგელდიევის თქმით, მოსკოვმა კასპიური გაზსადენის და აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის მშენებლობის საინვესტიციო პირობები არ შეასრულა. მოსკოვსა და აშხაბადს შორის 2003 წელს ხელმოწერილი 25-წლიანი შეთანხმების მიხედვით, თურქმენეთმა რუსეთს წელიწადში 70-80 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს.