აშშ-ს საჰაერო ძალების მინისტრმა ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი დაასახელა
აშშ-ს საჰაერო ძალების მინისტრი დებორა ლი ჯეიმსი აცხადებს, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროებისთვის ძირითად საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. მისი თქმით, ვაშინგტონმა უნდა გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი ევროპაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნატოს მეკავშირეები ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან.
ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად ჯეიმსი ევროპაში „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განთავსებას ასახელებს, რაც რუსეთის მხრიდან საგანგაშო მოქმედებაზე საპასუხო ნაბიჯები იქნება. ამასთანავე, მინისტრი გულდაწყვეტილია, რომ ნატოს 28 წევრიდან მხოლოდ ოთხი ქვეყანა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე. „ეს საკითხი ყველა წევრთან არის შეთანხმებული და ეს შეთანხმება უნდა დავიცვათ“, – აცხადებს დებორა ლი ჯეიმსი.