არმაზის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ კვლავ განაახლა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, 1950 წლის შემდეგ, ეროვნული მნიშნელობის არქეოლოგიური ძეგლის – პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.
კვლევითი სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ძველი დარბაზის ნაშთები, სამარხები, ქვევრები, წყლის სისტემის უძველესი მილები, ბრინჯაოს სამკაულები, კერამიკა, ობსიდიანისა და კაჟის ქვები გამოვლინდა. პიტიახშების კომპლექსის კვლევა, განვითარება და პოპულარიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამის არქეოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.
ამ დრომდე ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის იყო მისაწვდომი. პიტიახშ ერისთავთა კომპლექსის პროექტი გულისხმობს ტერიტორიის სრულფასოვან შესწავლას, სრულ კონსერვაციას და თანამედროვე ტიპის არქეოლოგიური საიტის შექმნას, რომელიც უძველესი ისტორიის პოპულარიზაციის გარდა, დასვენებისა და შემეცნების საუკეთესო ადგილი იქნება და საქართველოს ღირშესანიშნავ ადგილებს შორის ტურისტულ რუკაზე განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტს – „პიტიახშ ერისთავთა კომპლექსისი განვითარება“, ახორციელებს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლის ხელმძღვანელი გოდერძი ნარიმანაშვილია. არმაზის ციხე ძვ.წ. IV-III სს. – ახ. წ. IV-V სს. ნამოსახლარია.
აქ გამოვლენილი მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმ დროინდელი ქართლის ძველი დედაქალაქის, მცხეთის სამეფო რეზიდენციის – არმაზციხის შესახებ. არმაზციხეზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 120 წლის წინ ილია ჭავჭავაძის ინიციატივითა და ექვთიმე თაყაიშვილის მონაწილეობით განხორციელდა. მაშინ აღმოჩნდა I საუკუნის პოლიქრომული ფერწერის ნაშთი – ფრესკის ნატეხი ქალ ღვთაების გამოსახულებით, რაც ძალზედ იშვიათობაა ამ პერიოდისათვის. მომდევნო წლებში ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობდა. 1943-48 წწ. აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით გამოვლინდა სამეფო სასახლე – ე.წ. სვეტებიანი დარბაზი, რომაული ტიპის აბანო, ზღუდე-გალავნისა და ოთხკუთხა კოშკების ნაწილები, ქვათლილებით ნაგები სამეფო აკლდამის ნაშთი და ერთიანი ქვისაგან გამოთლილი ორფერდა სახურავიანი სარკოფაგი, რომელიც შეიცავდა ოქრომჭედლობის (II-III სს.) უმდიდრეს ნიმუშებს. 1993-98 წლებში ძეგლზე აღმოჩნდა ახ.წ. პირველი საუკუნეების ტაძარი მარნითურთ, რომაული ტიპის ორი აბანო, აუზი და ბერძნულ ენაზე შესრულებული ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც ქართლის (იბერიის) სამეფო კარზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე მოგვითხრობს.
წელს არმაზის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები საქარველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ კვლამ განაახლა. 1998 წელს გამოვლენილი ტაძრისა და მარნის დასავლეთით აღმოჩნდა ქვათლილებით ნაგები და, როგორც ჩანს, კრამიტით დაბურული შენობები, სადაც დადასტურდა: მოზაიკური ფილები, კირხსნარისგან დამზადებული პროფილირებული არქიტექტურული დეტალები, სავარძლის ბრინჯაოს მორთულობა, ბრინჯაოს სარკე, მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნაწილები და სხვა.