„არაპროგნოზირებად მსოფლიოში ნატო სტაბილურობის გარანტად რჩება“
ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩვენს ფასეულობებს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და ტერიტორიებს და ღიად დავტოვებთ კარს იმ ევროპული დემოკრატიებისთვის,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ არაპროგნოზირებად სამყაროში, ნატო სტაბილურობის წყაროდ რჩება, რომელშიც ევროპა ჯერაც ვერ იქცა უსაფრთხოების ზონად.
“ამ არაპროგნოზირებად მსოფლიოში ნატო რჩება სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს გარანტად. ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩვენს ფასეულობებს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და ტერიტორიებს და ღიად დავტოვებთ კარს იმ ევროპული დემოკრატიებისთვის, რომელთაც სურთ და შესწევთ ძალა, შეასრულონ ალიანსის წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები და პასუხისმგებლობები”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შენება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
“ნატო მხარს უჭერს თითოეული ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი”, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივამ კანდიდატ ქვეყნებს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების მოტივაცია მისცა, რისი საშუალებითაც შემდეგ ისინი ნატოს წევრები გახდნენ. ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების აღნიშვნას მიეძღვნა – 1999 წელს მისი წევრები გახდნენ ყოფილი სოციალისტური ქვეყნები, 2004 წელს ნატოში კიდევ შვიდი, 2009 წელს კი ორი ქვეყანა გაწევრიანდა.