ჩაკ ნორისს 74 წელი შეუსრულდა
ჩაკ ნორისი, სინამდვილეში კი კარლოს რეი ნორისი ოკლაჰომის შტატში, ქალაქ რაიანში 1940 წლის 10 მარტს დაიბადა. ავტომექანიკოსი ჩაკის მამა ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა. ჩაკის წინაპრები დედის მხრიდან იყვნენ: ირლანდიელები და ინდიელების ტომ ჩეროკიდან.
ბავშვობის წლების გახსენება ჩაკს ნაკლებად უყვარს – სიღარიბე და მუდმივი კონფლიქტი მშობლებს შორის და საბოლოოდ, მათი დაშორება, რის შემდეგაც საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ. რამდენიმე ინტერვიუში ნორისი იხსენებდა, რომ სპორტის მიმართ სიყვარული მას მამინაცვალმა ჯორჯ ნაითმა გაუღვივა. სპორტით გატაცებული ჩაკი პოლიციელობაზე ოცნებობდა და მტვირთავად მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში ჩაეწერა და 1959 წელს სამხედრო სამსახურის გამო სამხრეთ კორეაში გაემგზავრა.
სწორედ სამხედრო ბაზაზე ცხოვრების პერიოდში გახდა კარლოსი ჩაკი და სამხრეთ კორეაში დაინტერესდა ძიუდოთი და კარატეთი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნებულ ჩაკს უკვე ჰქონდა შავი ქამარი კარატეში.
1963 წელს ჩაკ ნორისმა გახსნა კარატეს პირველი სკოლა, ამას მოჰყვა სკოლების მთელი ქსელი (სულ 32). 1968 წელს მან წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარატეში და ნახევრად მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიგო. ამ ტიტულს ჩაკ ნორისი შვიდი წელი ინარჩუნებდა. გარდა ამისა, 1965 წელს იგი ლოს-ანჯელესში გამართული ყველა ვარსკვლავის ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.