თბილისში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ძლიერმა წვიმამ დედაქალაქს შეუქმნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“თბილისში, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სრული დატვირთვით მუშაობს. მაშველებმა უზნაძეს ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მაშველებმა ასევე თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური შენობის ამოტუმბვა განახორციელეს. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სამაშველო ოპერაცია ასევე მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები არიან და მუშაობას აგრძელებენ”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.