ძლიერმა წვიმამ თბილისს პრობლემები შუქმნა – დატბორილია ქუჩები, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ძლიერი წვიმის გამო თბილისის ცენტრალური უბნები დაიტბორა. არსებული ინფორმაციით, დატბორილია ფიროსმანის, ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის, კოსტავას ქუჩები. ასევე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია. წვიმის გამო ჩამოინგრა კაზინო “ევროპის” კედელი, სადაც ამ წუთებში მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური მუშაობს ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში.
როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მოქალაქეთა ზარები ძირითადად ცენტრალური უბნებიდან არის შესული, სადაც დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, ჩამონგრეულია კედლები.
ამასთან, ამ დროისთვის სტიქიის გამო გათიშულია გარეგანათების ბოძები.
ამ დროისთვის ჩაბნელებულია ნუცუბიძის ქუჩის ერთი ნაწილი, ვაჟა ფშაველას მეხუთე კვარტალი და პოლიტკოვსკაიას ქუჩა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შპს “სინათლის ქალაქის” თანამშრომლები უკვე მუშაობენ, რათა დაზიანების აღმოფხვრა დროულად მოხდეს.