ალი ბაბაევი თბილისში არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციას გმობს

საქართველოში აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა“ და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

როგორც „კვირას“ ალი ბაბაევმა განუცხადა, იგი გმობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ აქციას, რომელიც მათ ბაქოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის წინააღმდეგ გამართეს.

ალი ბაბაევის განცხადებით, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა“ და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქცია ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივია. აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე მოუწოდებს აღნიშნულ პირებს და მიმართავს, სად იყვნენ ეს ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის დროს, როდესაც საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ან თუნდაც ხდებოდა ბიზნესმენების დატერორება.

„ჩემთვის ძალიან მიუღებელია ის ფაქტი, როდესაც თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია ჩაატარეს. ეს ორგანიზაციები, რომლებიც აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროპის სპორტული თამაშების ოლიმპიადას აპროტესტებდნენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გრანტებით ფინანსდებიან. როცა, სამართლიანობასა და სტაბილურობაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია მათი განცხადებები, აქციების გამართვა იმის პარალელურად, როდესაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროპის სპორტული თამაშების ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა, მსოფლიო დონის შოუ იყო და ეს თავად გამომსვლელებმა აღნიშნეს. ამ ღონისძიების წინააღმდეგ გამოსვლა, ვფიქრობ, არამართებულია. ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ თითქოს-და ადამიანის უფლებები ირღვევა აზერბაიჯანში, რაც სრული აბსურდია. ეს ორგანიზაციები რომ უცხოური გრანტებით ფინანსდებიან, ეს კარგია, მაგრამ რამდენად იცავენ დემოკრატიულ პრინციპებს? მათ ვურჩევ, იმ კონფლიქტების მოგვარებაზე იფიქრონ, ანდა იმ დაუცველი ადამიანების უფლებებზე ისაუბრონ, რაც ხდება აფხაზეთში, ან სამხრეთ ოსეთში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. რუსი მშვიდობისმყოფელები საზღვრის გადაკვეთისას აკავებენ, შემდეგ ატერორებენ. ისაუბრონ იმაზე, სადაც საქართველოს მოქალაქეების ნახევარი მილიონი დევნილია და მათი უფლებები ირღვევა. ამაზე ისაუბრონ, ვიდრე იმ თითიდან გამოწოვილ რაღაც პროვოკაციებზე. მოვუწოდებ ამ ორგანიზაციის წევრებს, რეალურად ნახონ, სად ირღვევა ადამიანის ულებები და მინდა ვკითხო, სად იყვნენ ამ ორგანიზაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ 9- წლიანი მმრთველობის დროს, როდესაც საქართველოში ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანების უფლებები, სად იყვნენ 7 ნოემბერს, ან 26 მაისს, სად იყვნენ, როდესაც თბილისში ბიზნესის დატერორირება და ადამიანების ქონების წართმევა ხდებოდა. ვერ ვიხსენებ მათ აქციებს, მათ მაშინ ხმა საერთოდ არ ამოუღიათ. დღეს კი გამოდიან და თბილისიდან ბაქოში ადამიანების უფლებების დაცვას ცდილობენ. მე ვგმობ მათ გამოსვლებს და აქციებს. ვურჩევ, ის გრანტები, რომლითაც ისინი ფინანსდებიან, მიზანმიმართულად მიმართონ და, მართლაც, ცივილიზირებული და დემოკრატიული ჩარჩიოების პრინციპით დაიცვან ადამიანის უფლებები“, – განუცხადა „კვირას“ ალი ბაბაევმა.

შეგახსენებთ, რომ 11-12 ივნისს, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანში ევროპული ოლიმპიადის გახსნას აპროტესტებდნენ. იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება 12 ივნისს საზეიმო ვითარებაში ხსნის ევროპულ ოლიმპიადას. ასევე, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გამართეს, სადაც ასახული იყო, როგორ არღვევს აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს – საკუთრების უფლებას – ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
გამომსვლელების სიტყვის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ნინო ელბაქიძე („თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის“ თავმჯდომარე);
ქეთევან აბაშიძე („ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ რეგიონალური კოორდინატორი); გიორგი გოგია (Human Rights Watch – ის წარმომადგენელი);
ნინო დანელია (ჟურნალისტი);
ლევან ასათიანი (Amnesty International-ის კამპანიის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში);
ჰაჯი ჰაჯიევი (აზერბაიჯანელი აქტივისტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები