შერონ სტოუნი 56 წლის გახდა
შერონ სტოუნი 1958 წლის 10 მარტს ქალაქ მიდვილში, პენსილვანიის შტატში დაიბადა. იგი მრავალშვილიანი ხელოსნის ოჯახში მეორე ბავშვი იყო.
ბავშვობიდან განსხვავდებოდა თანატოლებისგან; ინტელექტუალური ტესტის მიხედვით, ალბერტ აინშტაინის მსგავსად, მისი მაჩვენებელი 154 იყო. სკოლაში ხუთი წლის ასაკში შევიდა. უყვარდა ხელოვნება და განსაკუთრებით კინო, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მისი ნიჭის კოეფიციენტი ნულს უდრიდა. სწორედ ამიტომ დაისახა ამოცანა – ნებისმიერ ფასად ჰოლივუდში მოხვედრილიყო. ეკრანზე სილამაზის კონკურსებისა და სამოდელო სააგენტოების გზით მოხვდა. ერთხელაც სტოუნი შემთხვევით აღმოჩნდა კაფეში, სადაც გოგონებს ვუდი ალენის ფილმის „Stardust Memories“ ეპიზოდისთვის ირჩევდნენ და შემოესმა: „თქვენმისტერ ალენი გთხოვთ დარჩენას“.
ამის მერე როლების ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა, ყველა არავარსკვლავური იყო. მხოლოდ 80–იანი წლების ბოლოს არნოლდ შვარცენეგერთან ერთად მოახერხა, ეთამაშა პოლ ვერხუვენის სურათში „Total Recall“(1990). ნამდვილი პოპულარობა მას მოუტანა იგივე ვერხუვენის ფილმმა „Basic Instinct“ (1992). ამ ფილმისთვის მან მხოლოდ 300 ათასი დოლარი მიიღო, ეროტიკული თრილერისთვის „ნამცევი“(1993) კი – ორნახევარი მილიონი.