„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "მემარჯვენე სექტორის" ქმედებებით შეშფოთებულია“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში ე.წ. “მემარჯვენე სექტორის” ქმედებების შედეგით შეშფოთებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. “რუსეთი შეშფოთებულია იმ განუკითხაობით, რომელიც ახლა სუფევს უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში ე.წ. მემარჯვენე სექტორის ქმედებების შედეგად და ახალი ხელისუფლების, როგორიც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, სრული ხელშეწყობით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, საქმე იქამდე მივიდა, რომ 8 მარტს ქალაქ ხარკოვში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რის შედეგადაც არიან დაჭრილები. რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დნეპროპეტროვსკში მილიციამ დააკავა შვიდი რუსი ჟურნალისტი და მათი დაპატიმრება იმით ახსნა, რომ ჟურნალისტებს “ცალკეული პროვოკაციული სიუჟეტები” აინტერესებდათ. “ერთი სიტყვით, “მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლება” მოქმედებს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველა არსებული ორმხრივი შეთანხმების დარღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ უშვებს, რითაც ფაქტობრივად ბარიერს სასაზღვრო თანამშრომლობას უქმნის. “გაოცებას იწვევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უცხოური მედიის სამარცხვინო დუმილი. ჩნდება კითხვა – სად არის ცნობილი ობიექტურობა და დემოკრატიის ერთგულება?” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.