კაპრალ რამაზ დავითაიას პატივსაცემად, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება
აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს შეერთებული შტატების სახელით უსამძიმრებს.
ელჩი აღნიშნავს, რომ კაპრლაი დავითაია გამორჩეული იყო თავისი სიმამაცით, სიძლიერითა და სიმტკიცით.
“ძალიან დამამწუხრა კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალებამ, რომელიც სამი წლის წინ მძიმედ დაშავდა ავღანეთში ISAF-ის მისიაში მსახურისას. კაპრალი დავითაია გამორჩეული იყო თავისი სიმამაცით, სიძლიერითა და სიმტკიცით. გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მე და მერის რამაზთან და მის ოჯახთან ურთიერთობის პატივი გვერგო. ჩვენ ის გასულ ხუთშაბათს გორში მოვინახულეთ, თუმცა არ ვიცოდით რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ძალიან გვეტკინა გული. შეერთებული შტატების სახელით ვუსამძიმრებ კაპრალ დავითაიას ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს. ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება. კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება”, – ნათქვამია რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში.