მერკელი და ერდოღანი: უკრაინის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს

  უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური ერთიანობა ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. ინფორმაციას საუბრის შესახებ თურქული მედიასაშუალება „Turkishpress“ ავრცელებს. ანგელა მერკელმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, “საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის” შექმნისა და უკრაინაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიების მნიშვნელობას. როგორც ანგელა მერკელის ისე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან აღინიშნა, რომ 16 მარტს ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის თაობაზე, არალეგიტიმურია. მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის უკრაინაში შექმნილი კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში, “საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფს” უკრაინასთან და რუსეთთან თურქეთის მჭიდრო ურთიერთობების, ასევე ყირიმელ თათრებთან განსაკუთრებული ურთიერთობებისა და პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები