„ჩვენ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაზე დიდი და სტარტეგიული ობიექტი ცოდნა ხდება…“

„უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩავაბარე, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ვსწავლობდი, მაგრამ მეოთხე სემესტრში ავირჩიე ახალი სპეციალობა – ჩაშენებული სისტემები. ეს მიმართულება უნივერსიტეტში სიახლეა, მომეწონა და გადავწყვიტე ამ მიმართულებით წავსულიყავი…“. – ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი კონსტანტინე გოცირიძე.

– ჩაშენებული სისტემები…11262301_861075193941534_871420182_n
– ბავშვობიდან მომწონდა რობოტებთან მუშაობა, თამაშები. მახსოვს, ბავშვობაში სათამაშო მანქანებს ვშლიდი და ნაწილებიდან ვერტმფრენებს, მატარებლებს ვაწყობდი. სკოლაში რომ მიმქონდა, ძალიან მოსწონდათ. ეს ყველაფერი უნივერსიტეტში გავიხსენე, ლექტორებთან და რამდენიმე სტუდენტთან ერთად საინტერესო კვლევებზე დავიწყე მუშაობა. ვმუშაობთ პლატებზე და დაპროგრამირებაზე. ყოველთვის მინდოდა რამე განსაკუთრებული გამეკეთებინა და მომავალი გვიჩვენებს, რამდენად გამომივა.
– ქართველ ტექნიკოსთა ჯგუფი (GTG)…
– ქართველ ტექნიკოსთა ჯგუფი მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით, იმ მიზნით, რომ ყველა ტექნიკის, ტექნოლოგიური სიახლე და მიმოხილვა ქართველი მომხმარებლისთვის ვიდეოების სახით მიგვეწოდებინა. ჩვენ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაზე დიდი და სტარტეგიული ობიექტი ცოდნა ხდება. ცოდნის მიღება ძალიან აუცილებელია, მით უმეტეს, ტექნოლოგიების შესწავლა, რადგან 21-ე საუკუნეში ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება და იხვეწება. ამიტომ, უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩვენი ჯგუფი სხვადასხვა სახის პროექტზე მუშაობს და ვაკეთებთ ვიდეომიმოხილვებს.
– დრონი „ობობა“…11272279_861075190608201_915934628_n
– დრონი „ობობა“ ჯერჯერობით სასწავლო რობოტია, რომელიც უნივერსიტეტში შევქმენით და დავაპროგრამეთ. შემდეგ გადავიღეთ ვიდეოები და ვცდილობთ, ხალხს, მომავალ აბიტურიენტებს, მოსწავლეებს, დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნოთ. სკოლებში ვმართავთ კონფერენციებს და პატარ-პატარა ტრენინგებს. ვიყავით ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში, და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენიმე სკოლა თვითონ იყო ჩვენთან მოსული, რომლებმაც საკუთარი პროექტები მოგვიტანეს. უნდა გამოვარჩიო ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. მე-8 კლასელმა ბავშვებმა მოიტანეს ძალიან საინტერესო პროექტი. მათ უნდათ შექმნან ე.წ. ხელთათმანი, რომლის ფუნქციაც იქნება ელექტროშოკი, ანუ დენის წარმოქმნა, რაც, ვთვლი, რომ თავდაცვის ძალიან კარგი მექანიზმია. შეიძლება მას სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდეს. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე. გვინდა, ეს პროექტი დავამუშაოთ და იმედი მაქვს, გამოგვივა.
– კიდევ რამდენიმე პროექტი გაქვთ…11324147_861075197274867_1335402125_n
– ქართველ ტექნიკოსთა ჯგუფი თანამშრომლობს რადარების ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც ფრენებს აკონტროლებს. კომპანია აპროგრამებს რადარებს და სხვადასხვა ქვეყანაში დაინტერესებულ ადამიანებს აწვდის. რა თქმა უნდა, ვისაც ამ კუთხით განათლება აქვს. ჩვენ დავინტერესდით და ჩემი მეგობრის დახმარებით, რომელიც ჰუავეის, ასუსის და სხვა ბრენდების ოფიციალური ინჟინერია საქართველოში, ეს რადარი ჩამოვიტანეთ. იგი მხოლოდ სამია საქართველოში, მეოთხე კი ჩვენთან – ქუთაისში არის. რადარი მაგრდება და სხვადასხვა აეროპორტიდან ღებულობს სიხშირეებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკონტროლებს ნებისმიერი ვერტმფრენის ფრენას, ადგილმდებარეობას, სიჩქარეს, დროს, რაოდენობას, რამდენი მგზავრი გადაჰყავს. ფლობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას. მისი მიზანი და დანიშნულება ის არის, რომ ზუსტად მიეწოდოს ინფორმაცია ხალხს და აეროპორტებს ამა თუ იმ ვერტმფრენის შესახებ. რადგან გახშირდა კატასტროფის შემთხვევები, რადარი დაგვეხმარება, წარუმატებელი ფრენის შემთხვევაში ამოიცნოს, სად ჩამოვარდა ესა თუ ის ვეტმფრენი და სწრაფად მოხდეს რეაგირება.11328871_861075183941535_250040439_n
შემდეგი პროექტი ეს არის რობოტის შექმნა, რომელიც გვინდა ჩემპიონატზე გავიყვანოთ და ვფიქრობთ, წარმატებული იქნება. ალბათ, იცით რომ გასულ წელს ილიას უნივერსიტეტმა რობოტების შეჯიბრის კონკურსი მოიგო. ჩვენ გვინდა, შევქმნათ რობოტი, რომელსაც ქუთაისიდან თბილისში წავიყვანთ და კონკურენციას გავუწევთ სხვა უნივერსიტეტის რობოტებს, სახელსაც დავიმკვიდრებთ და იმედი გვაქვს, საქართველოდანაც გავიყვანთ. ამ რობოტს ძალიან მარტივი დანიშნულება აქვს. არის ბორბლებზე, არის შეჯავშნული და დაცული, მაგრამ არის დაპროგრამებული ჩვენს ენაზე და შორი მანძილიდან პულტით ან კომპიუტერით, ნებისმიერი მოწყობილობით იმართება. მისი დანიშნულებაა, მოწინააღმდეგე რობოტს შეერკინოს და ძელის არენიდან გააგდოს, დაამარცხოს. აქ მთავარია რობოტის დიზაინი, მასა, ბრძოლის მექანიზმი. გასართობი საშუალებაა, მაგრამ დასაწყისისთვის ძალიან აქტუალურია, როგორც პროგრამირებაში, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.
– ფინანსურად ვინ გეხმარებათ?
– გერმანიის კაიზერსლაუტერის უნივერსიტეტი დაგვეხმარა და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 17 ათას ევროზე მეტი თანხით დაგვაფინანსა. ჩვენმა უნივერსიტეტმა ორი ოთახი გამოგვიყო. ერთ ოთახში შევქმენით ლაბორატორია, მეორეში – სამუშაო ოთახი. სამუშაო ოთახი, ძირითადად, აღჭურვილია მაღალი დონის ძლიერი კომპიუტერებით, მონიტორებით, პროექტორებით, ყველა მოწყობილობა გვაქვს, რაც გვჭირდება. ლაბორატორია თითოეულ სტუდენტზე სათითაოდ არის გათვლილი და ყველა სტუდენტს საკუთარი მოწყობილობა აქვს, საკუთარი დანადგარები, პრინტერები. აქ ვაკეთებთ რობოტების დიზაინის შექმნას და ვბეჭდავთ რობოტების ფორმებს.11330467_861075200608200_1463090088_n
უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ლექტორები არიან ახალგაზრდები: გიორგი ჩაჩუა და თეიმურაზ სახელაშვილი, რომლებმაც ქუთაისის უნივერსიტეტი დაამთავრეს, შემდეგ თბილისში ისწავლეს, მაგისტრატურა და პრაქტიკა კი გერმანიაში, კაიზერსლაუტერის უნივერსიტეტში გაიარეს და საქართველოში დაბრუნდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ეს მიმართულება სიახლეა, ცოტა რთულია საზოგადოების დაინტერესება, მაგრამ მაინც დიდია ინტერესი. ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და დეკანატი მხარში გვიდგას, ცდილობენ დაგვეხმარონ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო სივრცეა.
ახლა, ერთ თვეში უნივერსიტეტიდან სტუდენტური გაცვლითი პროგრამის საშუალებით გერმანიაში მივდივარ. ეს ყველაფერი მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საქმე წარმატებული იქნება. მთავარია მონდომება.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები