შსს-ს აკადემიის კალათბურთელებმა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს (ვიდეო)
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქართული სპორტის მუზეუმმა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბავშვებს კალათბურთში საქართველოს ჩემპიონები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წევრები – ნიკა მეტრეველი და გიორგი შარაბიძე შეხვდნენ.
როგორც ნიკა მეტრეველმა განაცხადა, მსგავსი ღონისძიებები უცხოეთში ხშირად იმართება და მას ასეთ ღონისძიებებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. კალათბურთელი მოხარულია, რომ ანალოგიური რამ საქართველოშიც გაიმართა.
„დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მიხარია, რომ პატარებს ვუმასპინძლეთ. ასეთი რამ უცხოეთში ხშირად ხდება, მეც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში და კარგია, რომ მსგავსი რამ ჩვენთანაც ეწყობა. დიდი მადლობა პატარებს და ქართული სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელებს”, – განაცხადა ნიკა მეტრეველმა.
ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლემ დაჩი კირვალიძემ კალათბურთელებთან შეხვედრის გამო კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენებმა მათ ბევრ კითხვას უპასუხეს. „აქ პირველად ვარ. მუზეუმში ძალიან ბევრი საინტერესო თასი და მედალი ვნახე. ძალიან მიხარია კალათბურთელებთან შეხვედრა, მათ ჩვენს ბევრ კითხვას უპასუხეს”, – გვითხრა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლემ დაჩი კირვალიძემ. ქართული სპორტის მუზეუმი ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეთა მეორე ჯგუფს დღეს მიიღებს.