ვეფხვის მიერ დაშავებული მომვლელის მკურნალობის ხარჯების ნაწილს მერია დაფარავს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცხოველისგან დაშავებული ზოოპარკის მთავარი მომვლელი გულიკო ჭიტაძე მოინახულა. დავით ნარმანიას განცხადებით, საყოველთაო დაზღვევამ გულიკო ჭიტაძეს მკურნალობა ნაწილობრივ აუნაზღაურა, დარჩენილ ხარჯებს კი თბილისის მერია გაიღებს.
„მან 25 წელი იმუშავა ზოოპარკში და ემსახურა ხალხს. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი მდგომარეობა უმოკლეს დროში გაუმჯობესებულიყო. მკურნალობის ძირითადი ნაწილი საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ფინანსდება, სხვა ნაწილში მას თბილისის მერია დაეხმარება, რათა ქალბატონი გულიკო სრულად გამოჯანმრთელდეს და ზოოპარკში დაბრუნდეს. ჩვენ მას თბილისის ზოოპარკში ველოდებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც გულიკო ჭიტაძის მკურნალი ექიმები აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში მოხდება. გულიკო ჭიტაძე რეაბილიტაციის შემდეგ ზოოპარკში დაბრუნებას და საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.
თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა – მომვლელი გულიკო ჭიტაძე 26 მაისს ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა. ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.
გულიკო ჭიტაძე 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა ინციდენტი.