ასოციაცია „ვივაჩეს“ ინიციატივით, ქართულ-შვეიცარიული საქველმოქმედო პროექტის „ალპებიდან კავკასიამდე“ ფარგლებში თბილისში კონცერტები გაიმართება

შვიცარიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა თამარ კორძაძემ რამდენიმე წლის წინ ციურიხში დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „ვივაჩე“, რომლის მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება.
ასოციაცია „ვივაჩეს“ ინიციატივით, ქართულ-შვეიცარიული საქველმოქმედო პროექტის „ალპებიდან კავკასიამდე“ ფარგლებში, 8 ივნისს, 19:30 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში, ხოლო 9 ივნისს, 20.00 საათზე „თი-ბი-სი ბანკის“ არტ გალერეაში გაიმართება ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი. ამ კონცერტით აღინიშნება ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილე. ქართველ და შვეიცარიელ სტუდენტებს კი მიეცემათ საერთაშორისო კონტაქტების დამყარების საშუალება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართულ-შვეიცარიული კულტურული კავშირების გაღრმავებას.
ასოციაცია „ვივაჩე“ 6 წლის წინ, 2009 წელს დაფუძნდა და ამ ხნის განმავლობაში პარტნიორი ფონდების და ორგანიზაციების დახმარებით განახორციელა 20-მდე პროექტი და დაეხმარა კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწე 50-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს. ფონდმა აგრეთვე შეიძინა საფორტეპიანო სკამები საქართველოს სამუსიკო სასწავლებლების საკონცერტო დარბაზებისათვის, 8 ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ბერნსა და ციურიხში კონცერტებით, 7 ქართველი მოზარდი წაიყვანა იტალიის (მონტეპულჩანო) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და საშუალება მისცა, თავიანთი შესაძლებლობები ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმოეჩინათ. მსგავსი კონცერტებით „ვივაჩემ“ 9 ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალზე ბაიროითში (გერმანია) და ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალზე Youth Classics (გერმანია, შვეიცარია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები