კულტურის მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ დირექტორს ფრენსის გარის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას საქართველოს კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ცვლილებების განხორციელების თაობაზე, რომელზეც მუშაობა „საქპატენტმა“ უკვე დაასრულა. მხარეებმა ასევე განიხილეს „აუდიოვიზუალური შესრულებების დაცვის პეკინის შეთანხმება“, რომლის შესახებ რეგიონალური კონფერენცია „საქპატენტისა“ და ისმო-ს ორგანიზებით თბილისში გაიხსნა.

პეკინის შეთანხმება გააძლიერებს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებში შემსრულებელთა ქონებრივ უფლებებს და უზრუნველყოფს მათ დამატებითი შემოსავლით. ის პოტენციურად დაიცავს შემსრულებლებს, რომ მოითხოვონ პროდიუსერებისგან საერთაშორისო დონეზე აუდიოვიზუალური პროდუქციის გამოყენებით მიღებული შემოსავლების განაწილება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური დირექტორი ფრენსის გარი საქართველოში, პერმიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება. ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“(DCFTA) ფარგლებში.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა, რომლის წევრიც საქართველო 1991 წლიდან არის. ისმო 188 წევრ ქვეყანას ეხმარება დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი სისტემის შემუშავებაში, საზოგადოების არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ის ბიზნესმომსახურებას უწევს სხვადასხვა ქვეყანას და ეხმარება დავების გადაჭრაში. ასევე სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს, რათა განვითარებადმა ქვეყნებმა სარგებელი მიიღონ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით და ინტელექტუალური საკუთრების უნიკალური ცოდნის ბანკებზე თავისუფალ წვდომას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები