„მინდა, ჩემი ადგილი ვიპოვო და საკუთარი თავის რეალიზება შევძლო…“

„ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დავამთავრე და მოულოდნელად სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ვხატავდი ისე, როგორც ყველა ბავშვი. ოჯახში გაუკვირდათ და წინააღმდეგები იყვნენ. გადავწყვიტე, ისეთი მიმართულება ამერჩია, რომელიც მათემატიკასთან ახლოს იქნებოდა და არქიტექტურის ფაკულტეტი ავირჩიე. მერე, უკვე მშობლებიც მხარში ამომიდგნენ, რომ ჩემი მიზნისთვის მიმეღწია…“ – მხატვარი ნონა პაქსაშვილი.

– სამხატვრო აკადემია…11273699_858398647542522_1429920050_n
– ვერ გეტყვით, რომ სამხატვრო აკადემია მომეწონა და კმაყოფილი ვარ. ვეკუას სახელობის სკოლაში ისეთ რეჟიმს ვიყავი მიჩვეული, რაც აკადემიაში ხდებოდა, მაკვირვებდა კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ იმედგაცრუებული დავრჩი და ვფიქრობდი, იქ არ მოვხვდი, სადაც მინდოდა. ნელ-ნელა არქიტექტურაზეც გული ამიცრუვდა. თავის დროზე, როცა ვაბარებდი, ხატვაში ვემზადებოდი, გამოცდაშიც 100 ქულა მივიღე და აკვარელში ხატვა დავიწყე. თავიდან აკვარელში მუშაობა ძალიან მიჭირდა და მხატვართან, იური სკრინიკოვთან დავდიოდი. მასწავლიდა და სულ მეუბნებოდა, ემოციურად დახატე, მათემატიკურად ნუ ითვლი ჩრდილებსo. არ ვიცი მერე, რა მოხდა, მაგრამ, მართლაც, დავივიწყე ჩემი მათემატიკა და რაღაც შემოქმედებითი გაიხსნა.
– შთაგონების წყარო…11292952_858398657542521_1370651811_n
– ჩემი შთაგონების წყარო ჩემი ემოციებია. ვხატავ იმას, რაც შიგნიდან მოდის. მუშაობის დროს მუსიკა მეხმარება და არავინ არ უნდა მაწუხებდეს. საკუთარ თავში ვიკეტები. მიყვარს ბუნებაში მუშაობაც.
საკუთარი ნამუშევრების მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი. დასრულებული ნახატი არ მომწონდა, არავის ვაჩვენებდი, ვმალავდი. ბავშვობის ნახატები არც მახსოვს. ახლა, ძალიან მომწონს და მიყვარს აკვარელში შესრულებული ცხოველების სერია.
– ფერები…
– ბავშვობიდან პეპელას მეძახიან. ძალიან მიყვარს ჭრელი ფერები და ეს ჩემს ნამუშევრებშიც კარგად იგრძნობა. ლექტორებიც მეუბნებოდნენ, ძალიან ჭრელი ფერებია, მაგრამ ერთმანეთში ჯდება, კარგად არის შეხამებული, არ ყვირისo. წინასწარ ფერზე არ ვფიქრობ. აკვარელი ხომ წყლის საღებავია, ფუნჯით ფურცელზე რომ ვდებ, ფერს თვითონ სვამს.
– გამოფენები…11297901_858398650875855_903679116_n
– სამწუხაროდ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი ისეთი მხატვარი გამოფენა გამეკეთებინა. ახლა ბევრს მოსწონს ჩემი ნამუშევრები, მწერენ უცხოელებიც და ვაგროვებ ნამუშევრებს გამოფენის მოსაწყობად.
თუმცა შვედეთში იყო ჩემი ნახატები გამოფენილი. მაშინ საქართველოდან 10 მხატვრის ნამუშევრები წაიღეს, მათ შორის ჩემიც და სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე ნახატი გაიყიდა. ნამუშევრები, რომლებიც დაბრუნდა საქართველოში, ხელოვნების გალერეაში იყო გამოფენილი.
გამოფენებს თვითრწმენა მოაქვს. როცა ხედავ, რომ გაფასებენ ადამიანები, რომლებსაც მართლა ესმით შემოქმედება, უკვე საკუთარ თავის რწმენა გემატება. სულ ვამბობ, რომ ნახატს რეკლამა არ სჭირდება, ერთი ნახატი უკვე თვითრეკლამაა.
– საქართველო და ხელოვნება…11225779_858398630875857_84537377_n
– სიმართლე გითხრათ, მთელი ცხოვრება საქართველოდან მინდოდა წასვლა. გერმანიაში მივდიოდი, მაგრამ ოჯახი შევქმენი და დავრჩი. აქტიურად რომ დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ შემოქმედი ადამიანების მოთხოვნილებაც არის. მაგალითად, აღარ უნდათ ამობეჭდილი აფიშა, პლაკატი, ამანათზე წარწერებსაც კი ხელით მაკეთებინებენ. სტერეოტიპი, რომ თუ მხატვარი ხარ, ღარიბი ხარ, მაინცდამაინც სიმართლე არ არის. ჩარჩოებში არ უნდა მოექცე და თანამედროვეობასთან საერთო უნდა იპოვო, რომ მოთხოვნადი იყო.
ბევრჯერ მინანია, აკადემიაში რომ ჩავაბარე, მაგრამ, რაც დრო გადის, ვხვდები, ჩემი შემოქმედების გარეშე სულ ცუდ ხასიათზე და დეპრესიაში ვიქნებოდი. ჩემი შემოქმედება მათავისუფლებს, ჩემს ხასიათს უწყობს ხელს, სხვანაირი ვხდები.
ჩემი მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს, მთელ თავისუფალ დროს მითმობს, მთხოვს არ დამეზაროს და ბევრი ვიმუშაო. სახელოსნო ფაქტობრივად სახლში მაქვს და რომ, ვმუშაობ მუდამ აურზაურია.
თავის დროზე, გარკვეულწილად შემცვალა ლევან ლონდარიძემ, რომელმაც გრაფიკა მასწავლა. მაშინ, ფანქრის სწორად დაჭერაც არ ვიცოდი. ერთხელ მითხრა, მე ვერ გეტყვი, რომ რამე გამოგივა, დაიწყე მუშაობა და ვნახოთ. რამდენიმე თვის მერე მითხრა, თუ ჩაუჯდები, ბევრს მიაღწევო. ისეთი ადამიანია, მჯეროდა მისი. სამხატვრო აკადემიაში გამოცდაც რომ წარმატებით ჩავაბარე და ჩემი შრომა დამიფასდა, მივხვდი, თუ საკუთარ თავზე ვიმუშავებდი, ჩემსას მივაღწევდი.
– სამგანზომილებიანი (3D) ნახატები…11356081_858398654209188_481900645_n
– ახლა დავიწყე 3D ნახატებზე მუშაობა, რაც საქართველოში არ არის გავრცელებული. ეს არის სწორედ, მატემატიკა და მხატვრობა ერთად, რაც ჩემთვის ყველაზე ახლობელია. ბევრი კომპანია მირეკავს და თანამშრომლობას მთავაზობს. ინტერესი ამ მიმართულებით დიდია. მინდა ასფალტზე დავხატო, მაგრამ ამისთვის ნებართვა მჭირდება. რამდენჯერმე დავხატე და წამაშლევინეს, ფასადის შეცვლა არ შეიძლებაო, ჯარიმები მომდიოდა. საერთოდ, დიდ სივრცეზე მუშაობა უფრო მომწონს, ვიდრე ტილოზე. ორთაჭალაში ერთ-ერთი სასტუმროს კედელი მოვხატე, ხელოვნების გალერეაშიც არის კედელზე ჩემი „პეპელა“.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები