მაკა შალიკაშვილი – პირადი ჩანაწერები

“არ მიყვარს ზაფხული, რადგან ძალიან ცხელია, არ მიყვარს ზამთარი – ცივია. არც შემოდგომა მიყვარს – მოწყენილია… მივხვდი, რომ გაზაფხული მიყვარს… უსასრულოდ მწვანე მდელოზე ამოსული ყვავილი ვარ, ბუნებამ თავად რომ შექმნა. რომელი? ეკლიანი არა, ისეთი, ყველა მხრიდან რომ ჩანს, მოწითალო – მოშავოდ შეფერილი… ტიტა? თუ ყაყაჩო? ასეთი ველური… კი! მე ყაყაჩო ვარ! წითლი, ყვითელი, ლურჯია ჩემი სამყარო, ხასხასა, მყვირალა, ემოციური… დრო და დრო მოწყენილიც, სენსიტიური. ყველასი მტკივა და მიხარია. ბედნიერი ვარ. ღიმილი, 2სიხალისე, სიყვარული ჩემია… თითქოს ზრდა შევწყვიტე რაღაც ასაკში. გავჩერდი. ვფიქრობ, კარგია, რადგან ასაკის ზრდასთან ერთად, ადამიანის მიწიერი მანკიერებებიც განვითარდებოდნენ. მე მხოლოდ “14 წლის” ვარ… ადამიანის დაბადება სასწაული, ტიტანური მოვლენაა. მიყვარს ადამიანები, თუმცა მეშინია მათი. უნიჭო ადამიანების მეშინია. მათი ქმედებები უკონტროლოა, საკუთარ თავში ადამიანს არ ეძებენ, არ უნდათ დაინახონ სიკეთე, გულწრფელობა შეიგრძნონ, სიყვარული აღმოაჩინონ. ეს უდიდესი პრობლემაა. “კაცია ადამიანი?!“- ვფიქრობ, იყო, არის და იქნება ეს პრობლემა.
შესაძლოა, ერთი შეხედვით ბანალური, მარტივი, ადვილად მოსაწყვეტი ვარ, მაგრამ არა პატარა, მშიშარა. პირიქით, ძლიერი, კეთილშობილი ვარ. მონათესავე სულებს ვეძებ, ვპოულობ და მიხარია, რომ ყაყაჩოების კონას შევკრავთ, მთავარია არ დავიშალოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და არ დავიკარგოთ. სამყარო ჩემთვის დამთრგუნველია, ნაცრისფერი, შიშის მომგვრელი. ჩვენ ვქმნით ამას. როგორ გაბოროტდა სამყარო! ადამიანები ერთმანეთს ვაბრალებთ რაღაცებს. ვინ არის კეთილი? ჩვენშია ეს ფერები, ემოციები. თბილისი ნაცრისფერია! ანუ მეც, 14შენც, ისიც ნაცრისფერია. ვის ან რას ველოდებით? ვინ გაგვიფერადებს სამყაროს? მე პიროვნება ვარ! დღეს ამის დეფიციტია. როცა შემდგარი ხარ, რეალიზებული, თითქოს, ეშინიათ და გებრძვიან. ყველა, ხომ ვერ ყალიბდება პიროვნებად! ნიჭიერება, მკვეთრი ხასიათი, სიკეთე, სილაღე, და არა პოზა… დაყენებული მიმიკა, ფუტლიარად ქცეული ადამიანები… იყავი თავისუფალი შენს ქმედებაში, ემოციაში, გრძნობაში. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. გვტკივა და გვიხარია…
ემოციურობის გამო ბევრ ადამიანს ვატკინე გული. ჩემი დადებითი ენერგეტიკა ისეთივე გადამდებია, როგორც ნეგატიური. ვაწყენინე, დავკარგე და მტკივა. წლების განმავლობაში ვცდილობდი სწორედ ისეთად ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც ვარ სინამდილეში. არც ერთი წელი არ მენანება, ასაკიც არ მანერვიულებს. ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. ცხოვრებაში ურთიერთობებია უკვდავი, ყველა დანარჩენი წარმავალია.
იმედგაცრუება, გულისტკივილი მხოლოდ ჩები ბრალია. საკმაოდ ძლიერი და მიზანდასახული ვარ. ჩემს გარდა საკუთარ თავს ვერავინ 8ვერაფერს დააკლებს. ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი, ყველა შეცდომა ვიცი, კრიტიკულიც ვარ და არა ბოროტი. არც ისეთი ოქრო ვარ, როგორც ვბრჭყვიალებ. დღესაც მეჭედება ყელში სიტყვა, სხეული მეწვის და ცრემლი მომდის, რადგან სცენაზე ვერ ვდგავარ. ვიცი, ჩემი ბრალია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის ენერგია, რომელიც მხოლოდ სცენაზე მეხარჯება, საფლავში წავიღო…
ზამთარში, ყინვაში, უბედურებასა და ავდარში, მხოლოდ ერთი ზარი, თბილი მოკითხვა, უმცირესი გრძნობა და მკვდარიც გავცოცხლდებოდი… გავიზარდე, უკვე ვფუთავ, ვმალავ ჩემს გრძნობებს… მეშინია, ისევ არ გავიძარცვო. არ დავცარიელდე… სიყვარულს მოვლა, გაფრთხილება უნდა… პოვნა იმდენად რთული არაა, როგორც მისი მარადიულობად ქცევა… ჩემში უჭკუო და შიშველი გრძნობებით სავსე ქალი ცხოვრობდა… მისი გარდატეხაც მოხდა (უღრმესი მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს გია ჯაჯანიძეს)… ძალიან დავიხარჯე, ბევრი ვილაპარაკე, უმისამართოდ გავაჩუქე და მიმოვფანტე გრძნობები – ყველაზე ძვირფასი ჩემთვის, ისე, რომ არც მიფიქრია, ვის რას ვაძლევდი, ან რას ვთხოვდი… ესმოდათ? ან გრძნობდნენ?… ყველასთან ცოცხალი ვარ, უბრალოდ დავიღალე და ცოტა ხნით დუმილს ვარჩევ, ნაკლებად მეტყველი, თუმცა კვლავ ყაყაჩოსავით ალისფრად ანთებული თვალებით. ვგიჟდები, ისე მოყვარს სიცოცხლე, ეს ხომ მე ვარ – მაკა შალიკაშვილი…. და შენი ფუნქცია მეგობარო?”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები