„წერამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მსოფლმხედველობა…“

„დავამთავრე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. თუმცა, მაგისტრატურაში კულტურის მენეჯმენტის განხრით გავაგრძელე სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სულ სხვა სფეროში ვმოღვაწეობ, ჩემს მთავარ პროფესიად მაინც იურისტობას ვთვლი. ეს პროფესია ძალიან მეხმარება ნებისმიერ საქმიანობაში. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იურისპრუდენიცია ჩემთან ისევე ახლოსაა, როგორც პოეზია, ლიტერატურა… ეს გავლენა ჩემს შემოქმედებაშიც აისახება. ზოგადად, ვთვლი, რომ ამ ორ სფეროს შორის საკმაოდ დიდი მსგავსებაა. 
იურისპრუდენციაც და ლიტერატურაც სიტყვებით თამაშია. „ყველა მოსამართლის უკან, დიდი პროზაიკოსი დგას“, – ეს სიტყვები ფრანგ კრიტიკოსსა და ფილოსოფოსს, როლან ბარტს ეკუთვნის, როგორც ჩანს, მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე…“ – ანასტასია ინასარიძე.

– როდის დაიწყეთ წერა და რა შეცვალა მან თქვენს ცხოვრებაში?
– ფრაზებს იმ დროიდან ვრითმავდი, როცა წერა ჯერ კიდევ არ ვიცოდი სრულყოფილად. თურმე, ამ ფრაზებს ბებო იმახსოვრებდა და იწერდა ხოლმე, ალბათ ცოტა ალამაზებდა კიდეც. მახსოვს ცოტა, რომ წამოვიზარდე ჩემი ლექსებით და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან თუ წიგნებიდან ამოჭრილი ილუსტრაციებით „კრებული“ ავაწყვე. მოკლედ, ბავშვობაშიც შემოქმედებითად ვერთობოდი. მერე საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა… წერა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განვაახლე, რა თქმა უნდა, სულ სხვა ხედვით, ფორმით, მნიშვნელობით. შემიძლია ვთქვა, რომ წერამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მსოფლხედველობა. ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება სამყაროს და, პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობაში.11265323_854104404638613_6165211877007186728_n
-კრებული…
-„ღმერთომანია“ ჩემი სადებიუტო პოეტური კრებულია. მანამდე კი იყო არტ-პროექტი „ლიტერატურული სამართალი“, რომელმაც მკითხველში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტი გახლავთ სიმბოლური ხასიათის ნორმატიული აქტი, რომელიც ირონიულ-პაროდიულ ხასიათს ატარებს. სხვათა შორის, მის საფუძველზე „ლიტერატურული სასამართლოც“ ჩატარდა, სადაც ცნობილი ახალგაზრდა მწერლები და პოეტები „გავასამართლე“. პერფომანსში თვითონ ავტორებიც მონაწილეობდნენ და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
– თქვენი მკითხველი და პოეზიის საღამოები, შეხვედრები…
– რა თქმა უნდა, მკითხველთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ლიტერატურას ხომ სწორედ მათი არსებობა აცოცხლებს. თუმცა, ვთვლი, რომ მკითხველსა და ავტორს შორის ყველაზე მჭიდრო კონტაქტი წერა-კითხვის პროცესში მყარდება. ვფიქრობ, ეს ყველაზე ინტიმური მომენტია და ამ დროს ორივე მხარე უფრო „ნამდვილია“ ვიდრე შეხვედრებზე ან პოეზიის საღამოებზე…
– ამბობენ, თქვენი შემოქმედება თავისუფალია სენტიმენტებისაგან, ლექსების თემა პროტესტია
– ალბათ, იმიტომ, რომ ვცდილობ, თავად ვიყო სენტიმენტებისაგან თავისუფალი. ერთი შეხედვით, არც მეამბოხე ადამიანს ვგავარ, მაგრამ პროტესტის გრძნობა ყველა ადამიანს აქვს და რაღაც კუთხით, ჩემშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა. ვფიქრობ, ჩემს ასაკში ეს გარდაუვალიცაა.
– განსხვავდება თუ არა თქვენი ცხოვრების რიტმი პოეზიის რიტმისგან?
– არ ვიცი… ალბათ არა. ერთი შეხედვით, ჩემი ცხოვრება პოეზიასავით დინამიკური, მოწესრიგებული და, ამავე დროს, არეულ-დარეულია.
– თქვენი პოეტური კრებული „ღმერთომანია“ წარდგენილი იყო ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინაციაში – საუკეთესო დებიუტი…
– დიახ… საერთოდ მწერლები და პოეტები ლიტერატურული პრემიებისთვის არ წერენ, თუმცა ეს ერთგვარი სტიმული და დაფასებაა, რაც, თავის მხრივ, ძალიან სასიამოვნოა.
– ადამიანები თქვენს ცხოვრებაში…10599461_854104391305281_3459347909935806462_n
– არსებობენ ადამიანები და, ასე ვთქვათ, „ჩემი ადამიანები“. ეს უკანასკნელნი ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებენ, თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა.
– ყველაზე რთული…
– ახლა ამ წინადადების დასრულებაა. საერთოდ, სიტყვა „რთული“ ძალიან პირობითი ცნებაა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სიტყვა. მათ ადამიანები ვანიჭებთ მნიშვნელობას. შესაძლებელია, ერთი და იგივე ფაქტი, ერთმა და იმავე ადამიანმა სხვადასხვაგვარად აღიქვას, გააჩნია განწყობას.
– მინდა, რომ…
-„ვიყო პეპელა, ავფრინდებოდი ცაში…“ – უცებ ეს გამახსენდა.

მზევინარ ხუციშვილი

10422173_854104397971947_464574570762407754_n

11145903_854104387971948_5237532920488616825_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები