მარჯანიშვილის თეატრში ალექსანდრე ელოშვილის სპექტაკლის – “ჯაყო, ხვალ ომი იქნება” ჩვენება გაიმართება

23 – 30 მაისს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი “ჯაყო, ხვალ ომი იქნება”  გაიმართება. 
მაყურებლისთვის ასე ნაცნობ როლებს მარჯანიშვილის მსახიობები: ბექა გოდერძიშვილი, ნიკა კუჭავა, ნინო გაჩეჩილაძე, ზურა ბერიკაშვილი, ონისე ონიანი, ნინო წულაძე, ნოდარ დოღონაძე, მაკა შალიკაშვილი და პაატა ინაური ასრულებენ. მთავარი გმირის – ჯაყოს როლის შესანიშნავად შესრულებისთვის მსახიობმა ბექა გოდერძიშვილმა პუბლიკის დიდი მოწონება დაიმსახურა. 
როგორია ახალგაზრდა რეჟისორის, ალექსანდრე ელოშვილის 21-ე საუკუნის ჯაყო, როგორ გაართვა თავი ერთ–ერთ მეტად საპასუხისმგებლო როლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, ბექა გოდერძიშვილმა, რეჟისორი ცნობილი ნაწარმოების გაცოცხლებას მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ახლებურად შეეცადა. რა შეიცვალა ჯავახიშვილის შედევრში – „ჯაყოს ხიზნები“ – “კვირა” ჯაყოს როლის შემსრულებელს, ბექა გოდერძიშვილს ესაუბრა.

– როგორ გადაწყდა, რომ ეს როლი თქვენ უნდა გეთამაშათ?10339642_1110100089005980_4784887893460972711_n
– თავიდან ივანე უნდა მეთამაშა. ერთ ღამეს რეჟისორმა ალექსანდრე ელოშვილმა დამირეკა და მითხრა: ჭოლამ და მე ვილაპარაკეთ და გადაწყდა, ჯაყო, შენ უნდა იყოო.
– სპექტაკლში საუცხოო კოსტიუმი გაცვიათ. როგორ გაჩნდა ახალი „ჯაყო“ ?
– მუშაობისას ძალიან ვნერვიულობდი. სანდრო ჩემი მეგობარია. ადვილად ვუგებდით ერთმანეთს და ეს უფრო გვიიოლებდა მუშაობას. მისი აზრი  თავიდანვე იყო, რომ ჯაყოს პერსონაჟი განსხვავებული უნდა ყოფილიყო ადრინდელი ჯაყოებისგან. იდეა, რა თქმა უნდა, მომეწონა, მაგრამ თან მერთულა. იმდენად გამიჭირდა უაქცენტო, უფაფახო და უწვერო ჯაყოს ხასიათის გახსნა, რომ გადავწყვიტე მხატვრისა და კომპოზიტორისთვის მეთხოვა, ეჩვენებინა კოსტიუმი და მოესმენინებინა მუსიკა იმ იმედით, რომ ისინი რამე მარცვალს მომცემდნენ. ანუ, ჯერ იქმნება ხასიათი, მერე ამ ხასიათის მატარებელ გმირს ერგება კოსტიუმი და მუსიკა, მე კი პირიქით მომიწია. მუსიკა არის მსახიობის დამხმარე საშუალება, ისევე, როგორც კოსტიუმი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არასოდეს არ დამხმარებია ეს ორი რამ ისე, როგორც ახლა! ორივეს, ირაკლი ავალიანსა და მიშა მდინარაძეს ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.10646759_1110100022339320_1866028828730748497_n
დასაწყისში, როცა სცენაზე პირველად ვჩნდები, მიშას მუსიკა ქმნის რაღაც ავის მომასწავებელ, საბედისწერო, ვიტყოდი ფატალურ განცდასაც კი, რომლის მიზეზიც მე ვარ, ჯაყო!. ეს აუცილებელი და ძალიან კარგი დახმარება არის მსახიობისთვის. კოსტიუმს რაც შეეხება, ახლებურად გააზრებული პერსონაჟიდან გამომდინარე, ირაკლის, სანდროს და მეც, ძალიან გვიჭირდა ჯაყოს კოსტიუმის მოფიქრება. ბოლოს ერთ–ერთ რეპეტიციაზე გამიჩნდა აზრი, რომ ჯაყო გარეგნულად ყასაბისთვის დაგვემსგავსებინა. პირველივე გამოჩენისას იგი ყასაბის დანითა და სისხლიანი წინსაფრით, თვითონაც სისხლით მოთხვრილი შემოსულიყო. მხატვარსაც და რეჟისორსაც აზრი მოეწონათ. მაშინვე გავვარდი გრიმიორთან, გავაკეთებინე სისხლი სახეზე, ხელებზე, ყელზე. გრიმიორმა თავის მხრივ, თავზე რაღაც ზეთი წამისვა, გაქონილის შთაბეჭდილების მოსახდენად, თან იუმორით დაამატა, თმისთვის კარგია, გარგებსო. მოკლედ, ასე „გალამაზებული“ ვეჩვენე მათ და მაშინვე დაიბადა შესაფერი კოსტიუმის ესკიზიც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რეპეტიციებზე ვგრძნობდი, რომ ამ პერსონაჟის სახეს კიდევ აშკარად აკლდა რაღაც მნიშვნელოვანი შტრიხი გამთლიანებისთვის, რაც ასევე ძალიან მაწუხებდა. ეს არ იყო გარეგნული მხარე, ეს გახლდათ „ჯაყოს“ ბუნებისთვის დამახასიათებელი ის თვისება, რომლის გარეშეც „ჯაყო“ არ გამოვიდოდა. აქ ბატონმა ლევანმა გამიწია ზუსტი დახმარება, ანუ მოკლედ რომ ვთქვა, ჯაყოს აკლდა მტაცებლის ინსტიქტი, რასაც იგი უნდა გაეხადა ყველაფერზე წამსვლელი და, აქედან გამომდინარე, საშიშიც. როცა ჭოლამ მითხრა, რომ ამ გზით უნდა წავსულიყავი, ყველაფერი დალაგდა. შეიძლება ითქვას, რომ „ჯაყოს“ სახე პრემიერის წინ გენერალურ რეპეტიციაზე გავამთლიანე .
– რა განსხვავებაა “ძველსა” და “ახალ” „ჯაყოს“ შორის?11039046_1110100179005971_1209964425115588677_n
– ჩემ მიერ ნათამაშები „ჯაყო“უფრო განზოგადებული პერსონაჟია. არ არის აქცენტი გაკეთებული მის ეთნიკურ წარმომავლობაზე, შესაბამისად, არ საუბრობს დამახასიათებელი დიალექტით, არ აქვს წვერი. არ ახურავს ფაფახი. 21-ე საუკუნის ჯაყო ეს არის, ზოგადად, მტაცებელი ინსტიქტების მატარებელი გაუნათლებელი, ბნელი სულის ადამიანი, რომლისთვისაც მიზნის მისაღწევად ნებისმიერი უზნეო, ამორალური საქციელი მისაღებია. ძალიან შთამბეჭდავია და სიხალეა ასევე ისიც, რომ სპექტაკლში არის ჩამატებული გმირებიც: ჭაპიტონი, ნაზი, ამბროსი ხელაია და სხვა. ზოგადად, სპექტაკლი ძალიან განსხვავდება წიგნისგან, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად იგი ყველასთვის ნაცნობი სპექტაკლის “ჯაყოს ხიზნების” მიხედვითაა დადგმული.
ჩამატებულ გმირებს თამაშობენ –: ჭაპიტონ ჭოტიაშვილი –ვანსკი , ნაზი – მაკა შალიკაშვილი, ამბროსი ხელაია – ზაზა გოგუაძე, მიხეილ ჯავახიშვილი – ვალერი კორშია და დავითი – ზაზა იაქაშვილი.
ყველას ვურჩევ მობრძანდნენ და ნახონ რეჟისორის ახლებური, თანამედროვე ხედვით შექმნილი სპექტაკლი.
– როგორ შეხვდა მაყურებელი ახალ ჯაყოს?
– უსმენენ, აქვთ სათანადო რეაქციები. მითხრეს, რომ დასაწყისში ეუცხოვათ უაქცენტო, უწვერო და უფაფახო ჯაყო. ნაცრისფერი და ჭუჭყიანი შარვალით, წითელი, უხეშად ნაქსოვი ჯემპრით, ყასაბის წინსაფრითა და ყასაბის დანით 21-ე საუკუნის ჯაყო ნელ–ნელა, თანდათან გახდა აბსოლუტურად მისაღები და გასაგები. ამას გარდა, როგორც აღნიშნავენ, მოვახერხე, რომ ჩემს მიერ ნათამაშევი ჯაყო აღძრავს ზიზღს, შიშს და ანტიპათიას, რაც მიმაჩნია, რომ გარკვეული წარმატებაა, რა თქმა უნდა. როცა პრეტენზია გაქვს განსხვავებული ჯაყოს შექმნაზე, ასეთ დროს ორმაგად რთულია თამაში, ამდენი კარგა ხანია არ მინერვიულია.
– როგორი იყო რეპეტიციების დროს მსახიობების ერთმანეთთან ურთიერთობა?11266463_1110099955672660_2188266732293700659_n
– მხიარული და სევდიანიც- ნაწარმოების სიუჟეტიდან გამომდინარე, რთულიც და საინტერესოც, მაგრამ მშვიდი არ ყოფილა. განსაკუთრებით პრემიერის წინ ნერვებმა თითქმის ყველას გვიმტყუნა. ყველასთან ერთად ვარ ნამუშევარი. ვიცით ერთმანეთის ხასიათები, ერთმანეთთან მუშაობის სპეციფიკა, ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთის “წიკები”. ვდილობთ, დავეხმაროთ ერთმანეთს. ასე რომ, მაინც ხმაშეწყობილად ვმუშაობდით. როგორი ნამუშევარი გამოგვივიდა, მაყურებელმა შეაფასოს. ჩვენი თეატრის მსახიობებთან მუშაობის გარდა, მომიწია ბატონი ლევანის სტუდენტებთან მუშაობაც. საოცრად კარგები არიან და მინდა მათ წარმატება ვუსურვო.

მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ სულ ცოტა ხანია, რაც მარჯანიშვილის თეატრში პრემიერა შედგა. „ჯაყო, ხვალ ომი იქნება“, – მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების “ჯაყოს ხიზნების ” მიხედვით, ახალგაზრდა რეჟისორმა ალექსანდრე ელოშვილმა დადგა. მაყურებელმა თეატრალური წარმოდგენა დადებითად შეაფასა. 
თეატრალურ სიუჟეტში, ფინალთან ერთად, სხვა ეპიზოდებიც შეცვლილია.  რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი მიხეილ ჯავახიშვილის რომანის საკუთარ და განსხვავებულ თეატრალურ ვერსიას გვთავაზობს. “ჯაყოს ხიზნების” ავტორი, ამ პიესაში პერსონაჟადაც იქცევა. ნაწარმოების ფაბულა და ლაიტმოტივი უცვლელი რჩება. რეჟისორმა თანამედროვე რეალობასთან გაავლო პარალელი. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ჯაყო, ხვალ ომი იქნება“, რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. (მანამდე მან მარჯანიშვილის სარდაფსა და სხვენში რამდენიმე სპექტაკლი დადგა). ახალგაზრდა რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი რეჟისორ ლევან წულაძის სტუდენტი გახლავთ. ასევე მისი ასისტენტი სპექტაკლზე “მთვრალ ალუბალი”.
ცნობისთვის: ბექა გოდერძიშვილის ბოლოდროინდელი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი როლებია : „ნიკი ძიუმპეი“– სპექტაკლიდან „ქალი ქვიშაში“, „პირველი სული“ – საახალწლო ზღაპრიდან. საშობაო სიმღერა, ასევე „ვიქტორი“ სპექტაკლიდან „საზღვრები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები