საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ- პოპულაციური კვლევა იწყება
საქართველოს მასშტაბით დღეიდან, C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ – პოპულაციური კვლევა იწყება, რომელიც 19 მაისამდე გაგრძელდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კვლევა, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად ტარდება, C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევის მიზანია საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის დონის შეფასება.
“აღნიშნულის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე. კვლევის განსახორციელებლად CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინტერვიუერი და 20 ფლებოტომისტი. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული ინდივიდისგან”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ინფორმაციის შესაგროვებლად გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომელიც დამტკიცდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ. გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევა თბილისში დაიწყო და 19 მაისს დასრულდება, ხოლო შემდეგი ჯგუფები გავლენ რეგიონებში და 12 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებენ. “ეს კვლევა აუცილებელია ელიმინაციის მეორე ფაზის დასაწყებად, რათა ქვეყანაში C ჰეპატიტი აღმოიფხვრას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.