USAID-ის პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს 58 ლეპტოპი და 6 სტაციონარული კომპიუტერი გადაეცათ. ღონისძიებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და პროექტის ხელმძღვანელი როლანდ სმიტი ესწრებოდნენ.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დროულად მოახდინონ შიდა და საგარეო კომუნიკაცია, მონაცემთა შეგროვება/დამუშავება, დარგში არსებული უახლესი ინფორმაციის მოპოვება. სამინისტროს თანამშრომლები შეძლებენ მრავალფეროვანი ვიზუალური მასალითა და პრეზენტაციების მეშვეობით ფერმერებისთვის ახალი ცოდნის უკეთ გადაცემას.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი რაიონული სამსახურები დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უწყების მუშაობის ყველა ასპექტში ახალი ტექნოლოგიები დანერგოს და სოფლის მეურნეობის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს.
„საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (სესმგ) ორწლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და „ვინროკ ინთერნეშენლის“ მონაწილეობით. პროექტის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, 2.3 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო. სესმგ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევას, სოფლად პროდუქტიულობის ასამაღლებლად განავითაროს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების სისტემა. ამ ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები