შს მინისტრმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა – ფოტოკოლაჟი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი. პოლიციის თანამშრომლებისთვის შენობაში ასევე არის კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი.
უწყების ცნობით, ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური განთავსდა: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილება და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი.
„ახალი განყოფილება გაიხსნა, აქ განთავსებული იქნება პოლიცია, ასევე დაცვის პოლიცია იქნება განთავსებული, ეს ორი დანაყოფი. არის ახალი ინვენტარი, ახალი ტექნიკა. საგურამოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია, დიდი დასახლებაა საგურამოსი, ასევე მიმდებარე სოფლებში და თითქმის ორმაგდება ზაფხულში მოსახლეობით, ჩვენი მოქალაქეებით და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთის ასევე ჩვენი პოლიციისთვის, უფრო გაუადვილდება მუშაობა“, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ შენობაში განთავსება გააუმჯობესებს და უფრო მეტად კოორდინირებულს, ოპერატიულს და ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ახალი შენობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შს მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.