მმართველობითი პრობლემები: პროფესიონალების დეფიციტი თუ „ვინ ვის იცნობს“ ფაქტორი?

ქვეყანაში, ეკონომიკური აქტივობის შემცირებისა და ვალუტის კურსის მერყეობის ფონზე, მთავარ ამოცანას წარმოადგენს პრობლემების გამომწვევი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების კვლევა-ძიება. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს კი აღმასრულებელი ორგანოების საკადრო სისტემა წარმოადგენს.

სტატიის მიზანი, სახელისუფლებო სტრუქტურებში „ვინ ვის იცნობს“ ფაქტორის თანამდევი შედეგების წარმოჩენაა.
გულწრფელი ოპტიმიზმის მიუხედავად, სამთავრობო გადაწყვეტილებები ფუნდამენტურ გავლენას ვერ ახდენს ხალხის ცხოვრებაზე, პრობლემურ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მომავლის შიშს ამძაფრებს არაერთგვაროვანი პროგნოზები, სამთავრობო კადრების შრომის ნაყოფიერება, გლობალური და ლოკალური გამოწვევები.
ცნობილი გამოთქმაა: „კადრები წყვეტენ ყველაფერს“. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, კვალიფიციური კადრების შერჩევის ბარიერია ნეპოტიზმი, კლანური მართვა, ოჯახის წევრებისა და ნათესავებ-ახლობლების პრივილეგირებული მდგომარეობა. აღნიშნული წარმოადგენს სოციო-კულტურულ გამოვლინებას, რომლის შედეგებია: არაეფექტური საკადრო პოლიტიკა, პერსონალის დემოტივაცია, აპათია, პერსპექტიული კადრების დაბლოკვა/განთავისუფლება, არაჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ფორმირება, ნეგატიური მოლოდინის ფორმირება, გადაწყვეტილებებზე ნეგატიური გავლენა (Сафина, 2013).

ქვეყანაში, საკადრო პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენის მოხდენი ფაქტორებიდან, ყურადღების გამახვილებას საჭიროებს „ვინ ვის იცნობს“ ფაქტორი, რომელიც:

• ნეგატიურ გავლენას ახდებს ეკონომიკის განვითარებაზე, კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების პროდუქტიულობაზე, კარიერულ პროგრესზე (იზღუდება მეცნიერებისა და ინტელექტუალების წინსვლა), სამართლიანობის განცდაზე;
• ანადგურებს ნაციონალურ სიმდიდრეს და ადამიანურ რესურსს;
•  სტიმულირებს ემიგრაციას და „კადრების გადინებას“, კორუფციას, კრიზისული სიტუაციების წარმოქმნასა და არაეფექტურ რეგულირებას;
• აყალიბებს კლასს (ერთგვარ კლანს), რომელიც ხელს უშლის ინოვაციურ აქტივობას, ცვლილებებისადმი სწრაფვას, პერსპექტიული იდეების რეალიზებას, საზოგადოების ინტეგრაციას, პროდუქტიულ და შემოქმედებით მუშაობას;
•  სახელმწიფო სისტემას უკეტავს სუფთა ჟანგბადს, აღარიბებს შრომით ბაზარს, მმართველობით გარემოს ხდის დახურულსა და ჰერმეტულს;
•  იწვევს რეფორმების შეჩერებას/შენელებას, უთანასწორობის ზრდას;
•  ნეგატიურად ცვლის რაციონალური ქცევის ნორმებს, ფასეულობათა სისტემას, მმართველობით პროფილს.

„ვინ ვის იცნობს ფაქტორის“ პირობებში არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ცალკეული ანტრეპრენიორები და აქტორები აყალიბებენ თამაშის ახალ წესებს, რომლის არბიტრადაც თვითონ გვევლინებიან. შედეგად, ასეთი პირები, ქვეყანაში ქმნიან პროფესიონალი კადრებისა და რესურსების დეფიციტის განცდას, სხვებზე პრობლემების გადაბრალების ტენდენციას, მორალური პასუხისმგებლობის (სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად) აღების მმართველობით გარემოს.
აღნიშნული ფაქტორის ნეგატიური კრიტიკის მიუხედავად, პროცესი ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მართალია, მისი მასშტაბების აღრიცხვა და ზუსტი სურათის წარმოჩენა შეუძლებელია, თუმცა ეს მასშტაბები პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის განვითარების შედეგებზე.
„ვინ ვის იცნობს ფაქტორი“ გახდა ერთგვარი ნორმა, რომლის ფესვები განხილული უნდა იქნას პოლიტიკური და საზოგადოების სოციალური სისტემის ასპექტში.
ბუნებრივია, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალსაც და არაპროფესიონალსაც, თანამდებობის პირთა აღმავალ და დაღმავალ ნათესავსაც სჭირდება სამსახური, შემოსავალი, პროფესიული ზრდა-განვითარება, საზოგადოებაში აქტივობა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება. რეალურად, მწირი შრომის ბაზარი, ადამიანს უბიძგებს ნეპოტისტური პრივილეგიებით სარგებლობისკენ.
რეალობაა ისიც, რომ დემოკრატიული გარემოს ფორმირების პირობებშიც კი, პირის მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ, გავრცელებული პრაქტიკაა ახლობელ-ნათესავისადმი პრივილეგირებული დამოკიდებულება (პირველ რიგში: მეუღლე, და/ძმა, დეიდაშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და სხვა).

ფაქტობრივად, საქართველოს მცირე მოსახლეობის პირობებში, „ნეპოტისტური პრივილეგიების“ ამოძირკვა დიდ გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, პრევენციის ღონისძიებას უნდა წარმოადგენდეს: საკადრო პოლიტიკის საზოგადოებრივი მონიტორინგი, საჯარო აუდიტი, მმართველი პირის რეკომენდებულ კადრებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გავრცელებულ ტენდენციას წარმოადგენს მორალური პასუხისმგებლობა, მორალური წუხილი, მორალური გვერდში დგომა. ბუნებრივია მორალის მოთხოვნათა შესრულება სანქცირდება მხოლოდ სულიერი ზემოქმედების ფორმებით (საზოგადოებრივი შეფასება, მოწონება ან გაკიცხვა ) და არა სამართლებრივი პასუხისმგებლობით.

სპეციფიკური ფაქტორია ისიც, რომ ჩვენთან ყველაფერი „უცხოური“ ფასობს. მაგალითად, სტრატეგიული განვითარების გეგმებზე ძირითადად უცხოელი კონსულტანტები მუშაობენ, საკადრო პოლიტიკის ფორმირებისას აქცენტი კეთდება უცხოეთში კურსდამთავრებულებზე, პრობლემების იდენტიფიცირებას უცხოელი სპეცილისტებით ცდილობენ, თუმცა საბოლოოდ პრობლემების მოგვარება შიდა საკადრო რესურსით ხდება (რადგან საქართველოს საზოგადოებაზე უკეთ ლოკალური გამოწვევების მზა რეცეპტი არავინ იცის).

ქვეყანაში ყურადსაღებ საკითხს წარმოადგენს მმართველობის ეფექტურობა, კვალიფიციური კადრების კარიერული ზრდის დაბალი შანსი, სახელმწიფო სტრუქტურებში დოქტორის ხარისხის მქონე პირების მცირე სიმცირე, სახელმწიფო პროგრამებისა და სტრატეგიების შესრულებაზე მორალური პასუხისმგებლობა და ა.შ. აღნიშნული გამოწვევების პასუხს წარმოადგენს საკადრო პოლიტიკის ფორმირებისას გათვალისწინებული განათლების ცენზი.

თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლება წარმოადგენს პერსონალური და სოციალური განვითარების მამოძრავებელს. შესაბამისად, საკადრო რესურსი უნდა გაძლიერდეს მეცნიერ-მკვლევარებით, რაც შექმნის ქვეყნის სწრაფი განვითარების პირობას.

ამასთან, სამთავრობო კადრების მეცნიერ-მკვლევარებით დაკომპლექტებით:
• გაიზრდება ხელისუფლების შრომის ნაყოფიერება, მართვის ეფექტურობა, პოლიტიკური სისტემის მდგრადობა;
• მმართველობითი გადაწყვეტილებები გახდება მეცნიერულად დასაბუთებული;
• მიღწეული იქნება დაგეგმილი მართველობითი შედეგი;
• სტიმულირებული იქნება ნაციონალური ეკონომიკის ზრდა;
• პროგნოზირებადი გახდება ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო.

ხაზგასასმელია, რომ ყოველ პოლიტიკურ ცვლილებას თან სდევს საკადრო ცვლილებები, რაც ბუნებრივი პროცესია, თუმცა, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებისათვის, ცვლილებები ნეპოტისტური შედეგების არ უნდა იყოს.
გლობალური გამოწვევების პირობებში, იცვლება მმართველობითი გარემოს მოთხოვნები, „ქცევის წესები“, საკადრო პოლიტიკის ფორმირების პირობები. შესაბამისად, სახელმწიფო სისტემა საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს, ადმინისტრაციულ ტრანსფორმაციას, საკადრო კორექციებს. ამ გამოწვევების პასუხს წარმოადგენს მეცნიერ-მკვლევარებით დაკომპლექტებული სამთავრობო უწყებები.
შესაბამისად, ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომლითაც საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული პირებისათვის განისაზღვრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურობაზე, პროგრესსა თუ რეგრესზე, ქმედებებსა და მიუღწეველ შედეგებზე.

არსებითია, რომ ნეპოტიზმის მასშტაბების შემცირება და აღმასრულებელი ორგანოების პასუხისმგებლობის როლის ზრდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ქვეყნის მშენებლობასა და მდგრადი სახელმწიფო სისტემის შექმნასთან. ამიტომ, „ვინ ვის იცნობს“ ფაქტორის პრევენციის მიზნით, საჭიროა გაიზარდოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა საკადრო რესურსის მუშაობაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, არაეფექტურ გეგმებსა და დაგვიანებულ პოცესებზე.

დაბოლოს, ქვეყანაში ქარიზმატული ლიდერებისა და ნოვატორული აზროვნების მმართველების დეფიციტის ფონზე საჭიროა ახალი პოლიტიკური საზოგადოების ფორმირება, რომელიც ძირითადად სტრატეგიული აზროვნების ინტელექტუალებითა და მეცნიერ-მკვლევარებით იქნება დაკომპლექტებული.

[1] სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი)

 

რატი აბულაძე,

ეკონომიკის დოქტორი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები