ჩინეთის მთავრობა საქართველოს 26 დასახელების სამელიორაციო ტექნიკას უსასყიდლოდ გადასცემს

ჩინეთის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოსცემს 26 დასახელების 200-ზე მეტ სამელიორაციო ტექნიკას, რომლის ღირებულება 10 764 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ჰან ჩაგფუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია: ვაჭრობის განვითარება, ერთობლივი საინვესტიციო პროექტები.
მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას. ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმებებია გაფორმებული, მათ შორის აბრეშუმის გზის ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს ამ რეგიონში იქცეს ჰაბად.
ოთარ დანელიას თქმით, საქართველოს პრიორიტეტები ჩინეთის პრიორიტეტებს ემთხვევა. ასეთია მაგალითად, ჩაის კულტურის განვითარება და იგეგმება ამ დარგის ხელშეწყობა. მინისტრის თქმით, ასევე მოხდება ჩინეთში ღვინის ესპორტის ხელშეწყობა, ქართული ვაზების პოპულარიზაცია.
“არა ერთი დახმარება იყო ჩინეთიდან. დავიწყეთ ბოსტნეულის ხელშეწყობის კუთხით ერთობლივი პროექტი. ამ ფორმატში დავიწყეთ პროექტი ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგია საქართველოში, რომლის ფარგლებში იგეგმება 33 სასათბურე მეურნეობის აშენება საქართველოში, რაც იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. მათგან 27 შედარებით მარტივი კონსტრუქციის იქნება, 6 კი მზის სათბური”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, გაუმჯობესებულია სავაჭრო ბრუნვა. 2014 წელი სავაჭრო ბრუნვის კუთხით 2013 წელთან შედარებით უკეთესი იყო და ასევე პირველი კვარტლის ფარგლებში, ჩინეთში ღვინის ექსპორტის კუთხით, არის 66,4%-ით მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დანელიას თქმით, ჩინეთში იმყოფება 15 ფერმერი, რომელიც მეფრინველეობის კუთხით იქ არსებულ ვითარებას ეცნობა და საერთო ჯამში, ჩინეთმა ქართულ მხარეს 110 ადამიანი უკვე გადაუმზადა.
მინისტრის თქმით, ასევე არის შემოთავაზება, რომ გაიგზავნოს როგორც სოფლის მეურნეობის თანამშრომლები, ასეეე ფერმერები.
“სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურ მზადყოფნას გამოთქვამს ჩინეთთან ურთიერთთანამშრომლობისთვის”, – აღნიშნა დანელიამ.
როგორც ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა არის საბაზისო და უნდა მოხდეს ხელშეწყობა, რათა სხვა სამინისტროებს მიეცეთ საშუალება, რომ დაეყრდნონ სოფლის მეურნეობას. როგორც ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ის მოხარულია ქართული ღვინით და დიდ იმედებს ამყარებს, რომ მოხდეს მისი გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მისი გაცნობა ფართო მასებისთვის. მისივე თქმით, ორ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვთ რომ განავითაროს თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის ასპექტში.
“საქართველო არის უძველესი ისტორიის ქვეყანა. მე უდიდეს სურვილს გამოვხატავ ვითანამშრომლო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მათ მხარი დავუჭირო ნებისმიერ ასპექტში”, – განაცხადა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰან ჩანგფუნმა აღნიშნა, ოქტომბერში, ჩინეთში სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით იგეგმება შეხვედრა, სადაც მოხდება სტრატეგიების განხილვა. მან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქართული დელეგაცია ჩინეთში დაპატიჟა. მისივე თქმით, იგი დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები