ბათუმში დაღუპული მოზარდების ახლობლებმა ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს
ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” დაღუპული ბავშვების ცხედრების გამოსვენებისას მცირე ინციდენტი მოხდა. ბათუმის ექსპერტიზის ბიუროსთან შეკრებილი დაღუპულების ახლობლები და ოჯახის წევრები გარდაცვლილების ცხედრის ნახვას ითხოვდნენ. ერთ-ერთი დაღუპული ბავშვის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს და სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილიდან გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში გაჩენილმა ხანძარმა 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო “არმაზში” მოხდა. უბედური შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ბავშვების შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. დაღუპულები 10-11 წლის ბავშვები არიან. ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ბოლქვაძემ განაცხადა, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული. მისივე თქმით, ექსპერტიზის და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.