მაშველის მტკიცებით, ხანძრის დროს ბავშვების ოთახი ჩაკეტილი არ ყოფილა

მაშველი, რომელსაც “ბათუმელები” ესაუბრა, ამბობს, რომ მას ქობულეთში, სასტუმროში გამთენისას მომხდარი ხანძრის ჩაქრობისას ბავშვების ოთახის კარი ჩაკეტილი არ დახვედრია.
მისი ინფორმაციით, ბავშვები ჯერ კვამლისგან გაიგუდნენ და გვამები შემდეგ დაიწვა. „პოლიციის თანამშრომელმა დაინახა ხანძარი, პატრული მივარდა სახანძროში… მესამე სართულზე ასვლა უკვე იყო შეუძლებელი, რადგან ხის კიბე, რომელიც სასტუმროში იყო ჩამოვარდა. მასწავლებლებთან ერთად იყვნენ მშობლებიც, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბავშვებთან ერთად იყვნენ როგორც მასწავლებლები ისე მშობლები. ბავშვები არიან კვამლისგან გაგუდულები. როცა მათ ოთახში შევედით სამივე ერთად იწვა,”– განაცხადა მან. ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ქობულეთში, ცეცხლმოკიდებული სასტუმრო “არმაზიდან” პოლიციის და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები