„პოზიციამ“ თსუ-ს სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დემეტრე ცხვიტავამ და სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა მაკა პეტრენკომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნეს.
შეხვედრა 8 მაისს, 16:00 საათზე გაიმართა.
პროექტი „ჩემი პოზიცია“ სტუდენტების წარმოჩინებისა და აქტივობისთვის, ორგანიზაცია „tvfree“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დემეტრე ცხვიტავა აცხადებს, პროექტის ფარგლებში, სტუდენტები თემას და მიმართულებას თავად აირჩევენ და მათი ნაშრომები TVfree.ge-ზე განთავსდება.
ათი საუკეთესო თემის ავტორი შეირჩევა, ხოლო ამ ათიდან საუკეთესო სამს გამოავლენს ჟიური.
გამარჯვებული სტუდენტები სტაჟირებას, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, ორგანიზაციაში გაივლიან და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას.
“პოზიციამ” პირველი შეხვედრა გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში გამართა, სადაც სტუდენტებს იგივე პროექტი გააცნეს.
„პოზიციის“ ახალგაზრდულ ფრთაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას და ამავე დროს, საზოგადოებას დაანახებს, ახალგაზრდა თაობის პოზიციის მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო წინსვლასა და განვითარებაში.