დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან, პარლამენტის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
“დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ბებიებისა და პაპებისთვის, თვითოეული ჩვენთაგანისთვის – 70 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან. დღევანდელ დღეს ზეიმობს სრულიად მსოფლიო, კაცობრიობა იმიტომ, რომ ფაშიზმი წალეკვით ემუქრებოდა ყველაფერს, რაც მანამდე კაცობრიობის მიერ იყო მოპოვებული და შექმნილი. ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენ მადლობას ვუხდით ომის ვეტერანებს. საქართველოს პარლამენტმა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი სპეციალური საპატიო სიგელით დააჯილდოვა. ჩვენ, მათ კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ ბედნიერ სიბერეს, ვუსურვებთ იმას, რომ მოესწრონ ერთიან და მთლიან საქართველოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცერემონიის მონაწილეებმა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ასევე, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.