გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპუტატებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვება მიულოცა.
„9 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის სიმბოლო მსოფლიოს გაერთიანებისა და ბოროტების დამარცხების. პირველ რიგში, მსურს ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების იუბილე. წლების მანძილზე, ჩვენ ისტორიულ სინამდვილეს განსხვავებულად გვასწავლიდნენ, რომ თითქოს ეს გამარჯვება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დამსახურება იყო. სინამდვილეში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას უდიდესი წვლილი მიუძღვით გამარჯვებაში. ქართველთა როლი და ღვაწლიც განუსაზღვრელი გახლდათ, აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი ისტორიაცაა. ვალდებულნი ვართ, ყოველთვის გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირები, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსა და მომავალი თაობის თავისუფლებას შესწირეს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
1945 წლის 8 მაისს, ფაშისტურმა გერმანიამ ყველა ფრონტზე უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს კი, 8-9 მაისს აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები