კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სუბსტანციის ტოქსიკური აირით მოიწამლნენ

გორის ბავშვთა საავადმყოფო “იავნანას” სტაციონარში ამ დრომდე კარალეთის საჯარო სკოლის მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება, დანარჩენები კი სახლში გაეწერნენ – ამის შესახებ „კვირას” ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგემ ლია ლაზარიძემ განუცხადა. მისი თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე დღეს გაეწერნენ.
ლაზარიძის თქმით, კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუდგენელი დიაგნოზით, სუბსტანციის ტოქსიკური აირით მოიწამლნენ.
„სკოლის მოსწავლეები დაუდგენელი დიაგნოზით, სუბსტანციის ტოქსიკური აირით მოიწამლნენ. სპეციალურად თბილისიდან ტოქსიკოლოგები ჩამოვიყვანეთ. მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მოსწავლეების თბილისში გადაყვანა საჭირო აღარ იყო. ამ დროისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება. იგი შესაძლებელია კლინიკაში დღის ბოლომდე დარჩეს. თავდაპირველად, საავადმყოფოში ერთიდაიგივე სიმპტომებით 12-მა მოსწავლემ მომართა. ყველა მათგანის სისხლი გამოსაკვლევად გაგზავნილია თბილისში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში. დასკვნის შემდეგ მოსწავლეების მოწამვლის ზუსტი დიაგნოზი დადგინდება“, – აღნიშნა ლია ლაზარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კარალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები გაკვეთილზე შეუძლოდ გახდნენ და 12 მოსწავლე სკოლიდან გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები