მერიაში საგზაო-სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში საგზაო-სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფის მიერ, რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საცობების აპლიკაციის პროექტს, რომელიც თბილისის მერიის სსიპ ,,ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა” შეიმუშავა.
შეხვედრაზე, ასევე ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პროექტის – ,,მეგობრული გზების” პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სხვადასხვა ორგანიზაციისა და დარგობრივი სპეციალისტის ჩართვა, მათი გამოცდილების გაზიარება აამაღლებს საგზაო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მერიის მუშაობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების დროულ გადაჭრასა და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას.
საგზაო – სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფი ირაკლი ლექვინაძის ინიციატივით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დარგში მომუშავე ექსპერტებს აერთიანებს.
საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს საგზაო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები