მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა კიკვიძის პარკი გაამწვანეს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მათთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში კიპარისის ნერგები – ე.წ. სიცოცხლის ხეები დარგო. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვენლოვანია გამწვანების აქციაში ვეტერანების მონაწილეობა, რადგან თითოეული მათგანი 90 წელზე მეტის არის და საკუთარი აქტიურობით ახალგაზრდებს მისაბაძ მაგალითს აძლევენ.
„სიმბოლურია ეს აქცია, რადგან უკავშირდება მომავალს და განვითარებას. მომავალს, ვისთვისაც ეს ადამიანები იბრძოდნენ 70 წლის წინ“, – განაცხადა თბილისის მერმა. აქციაში, ასევე, მონაწილეობდნენ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე.
დღეისათვის თბილისში მეორე მსოფლიო ომის 573 მონაწილე ცხოვრობს. 9 მაისთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები თბილისის მერიისგან მხარდაჭერის სახით 1000 ლარს, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულები 700 ლარს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები