თბილისის საკრებულოს შენობა სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა დედაქალაქის 120-ე საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა პირადად უმასპინძლა და შენობის დათვალიერებისას მეგზურობა გაუწია.
ექსკურსია პირველი სართულიდან დაიწყო. შენობის მოკლე ისტორიულ ექსკურსზე თავად გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა და სტუმრებს შენობის ძველი ფოტოები დაათვალიერებინა, მოუთხრო, დაარსების დღიდან თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ ნაგებობის ირგვლივ.
მოსწავლეებმა საკრებულოს შენობის დიმიტრი ყიფიანის სხდომათა დარბაზში შესვლის სურვილი გამოხატეს, რის შემდეგაც მათ დეპუტატებისთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს და თავმჯდომარეს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს.
რამდენიმესაათიანი ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბნენ და გიორგი ალიბეგაშვილს გულისხმიერი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.