მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტების გამოფენა გაიმართა

მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს მიერ გამოცხადებული ერთობლივი საჯარო კონკურსი დასრულდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზები თბილისის საკრებულოს ფოიეში გამოიფინა. გამოფენას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, არქიტექტორები და კონკურსანტები დაესწრნენ.
დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა თბილისის არქიტექტურისსამსახურს, საკრებულოსა და ინვესტორ კომპანიას, რომლებმაც, მისი თქმით, ძალისხმევა არ დაიშურეს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, ღია კონკურსის გამოცხადების გზით, პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ უარი ვთქვით გასული წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როცა მერია და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ ინვესტორთან მოლაპარაკების გზით პროექტს მწვანე შუქს უნთებდა და საზოგადოებრივ აზრს არ ითვალისწინებდა. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო მირზა შაფი. 2008 წლიდან ვერ მოხერხდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებდა ისტორიული უბნის სპეციფიკას, მეორე მხრივ კი, დააკმაყოფილებდა ინვესტორს. აქედან გამომდინარე, იცვლებოდა პროექტი, თუმცა, ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მისვლა მაინც ვერ მოხერხდა. დღეს ჯერი უკვე ჟიურის წევრებზეა, რომლებმაც 9 პროექტიდან სამი საუკეთესო უნდა შეარჩიონ, რომელთაგან ერთ-ერთს ინვესტორი განახორციელებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა წარმატებები უსურვა ჟიურის და კონკურსის თითოეულ მონაწილეს. დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, საკონკურსო კომისია საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივა და მირზა შაფის ქუჩა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიული უბნის სწორი განვითარება.

კონკურსის მიზანი იყო თბილისში, მირზა შაფის ქუჩის, კერძოდ, შპს „აპოლო გ.ს.“-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განვითარების ქალაქგეგმარებითი, სივრცითი და მოცულობითი საუკეთესო გადაწყვეტის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ არქიტექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს. კონკურსის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, საკონკურსო პირობები მხოლოდ 9 მონაწილემ დააკმაყოფილა.

გამარჯვებულებს ღია კონკურსის ფორმით, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, საკონკურსო კომისია გამოავლენს. კომისიის წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, არიან საჯარო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შემოსული განაცხადებიდან საკონკურსო კომისია 3 საუკეთესო ესკიზური პროექტს გამოავლენს, რომელთაგან ერთ გამარჯვებულ ნამუშევარს აირჩევს და შეისყიდის ინვესტორი. კონკურსის პირობების თანახმად, I ადგილზე გასული პროექტის ავტორს 20 000 აშშ დოლარი, II ადგილზე გასულს 7 000 აშშ დოლარი, ხოლო III ადგილზე გასული პროექტის ავტორს 3 000 აშშ დოლარი გადაეცემა.
კონკურსის გამარჯვებული სამეული 21 მაისს გამოვლინდება, თუმცა, მანამდე – 8, 9 და 10 მაისს გამოფენა გადაინაცვლებს ყოფილ კინოთეატრ „აპოლოს“ დარბაზში, სადაც დამთვალიერებელს 11:00-დან 20:00 საათამდე მათი ნახვის საშუალება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები